უცხოელების მიერ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დებატები გაიმართება

"ექსპო-ჯორჯიაში", ხვალ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი "მმართველობა განვითარებისათვის", ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან პარტნიორობით, საჯარო დისკუსიას მართავს უცხოელების მიერ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე.

USAID-ის "ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის" (EPI) ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლების, ექსპერტების, უცხოელი ინვესტორების და ბიზნესმენებისგან შემდგარი ჯგუფი, ISET-ის კვლევით ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ერიკ ლივნის, ხელმძღვანელობით განიხილავს საქართველოში უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების საკითხებს. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების, პრესის და სტუდენტების ასამდე წარმომადგენელი. მონაწილეებს საშუალება ექნებათ განსახორციელებელი ცვლილებების კანონში შეტანამდე, გამართონ დებატები მათ გამოწვევებზე და გავლენაზე საქართველოს სოფლის სამეურნეობის სექტორზე.

2013 წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა მორატორიუმი უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე. ერთი წლის შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა აღნიშნული მორატორიუმი. სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ, იუსტიციისა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროების ხელმძღვანელობით, შეიმუშავა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების ახალი პოლიტიკა. "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში, უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები საქართველოს პარლამენტში 2014 წლის 29 დეკემბერში შევიდა და ამჟამად განსახილველ საკითხთა სიაშია.

USAID-ის "ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის" (EPI) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2014 წელს კონკრეტული შემთხვევების კვლევის შედეგად შესწავლილ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორზე უცხოური ინვესტიციების ზემოქმედება და უცხოელი ინვესტორების მიერ მიწის ნაკვეთებზე წვდომასთან დაკავშირებული პრობლემები. აღნიშნული კვლევა, ასევე, იქნება განხილული შეხვედრაზე.