ქართველ მეწარმეებს მაღალი ხარისხის ეტიკეტების შეკვეთა უცხოეთში აღარ მოუწევთ

საქართველო კავკასიაში პირველი ქვეყანაა, სადაც მსგავსი დანადგარი ამუშავდა

სახელმწიფო პროგრამით ”აწარმოე საქართველოში” სტამბა ”კოლორპაკმა” საქართველოში მაღალი კლასის, უნიკალური ციფრული საბეჭდი დანადგარები ჩამოიტანა.

სტამბა ”კოლორპაკის” წარმომადგენელთა განცხადებით, ამერიკული წარმოების HP Indigo-სა და ფრანგული Smag Galaxy-ს მეშვეობით, ამიერიდან უკვე შესაძლებელია საქართველოში დაიბეჭდოს ისეთი ხარისხის პროდუქცია, მათ შორის ღვინის, სხვა სასმელისა თუ საკვების ეტიკეტები, რომელსაც აქამდე ქართველი მეწარმეები ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და საფრანგეთში უკვეთავდნენ.

”კოლორპაკის” წარმომადგენლის გიორგი წიქარიშვილის თქმით, საქართველო კავკასიაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მსგავსი დანადგარით მოხდება პროდუქციის ბეჭდვა. საერთო ჯამში კი, ასეთი უახლესი ტექნოლოგიების დანადგარი მსოფლიოში ჯერ სულ 50 ერთეულია. ”ეს მოწყობილობა ბეჭდავს ქაღალდზე, ფირზე, მეტალიზირებულ ზედაპირზე. თუ მის წინამორბედებს სჭირდებოდათ საღებავები და მუდმივად იყო პრობლემა კონკრეტული ფერის მიღებასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში სრულიად უნიკალურ, გამართულად მომუშავე მანქანასთან გვაქვს საქმე. გარდა ამისა, ამ დანადგარს ორი დამატებითი ფერი - ნარინჯისფერი და იისფერი აქვს, ასევე თეთრი ფერი. გამჭვირვალე ზედაპირის შემთხვევაში, სწორედ თეთრ ფერს ვიყენებთ. ახალი დანადგარები განსაკუთრებულია ბეჭდვისთვის განკუთვნილი დროის თვალსაზრისითაც. ნებისმიერი ანაბეჭდის დაბეჭდვა 5 წუთში შეგვიძლია, თან ისე, რომ მცირე ტირაჟებზე ერთეულის თვითღირებულება არ იზრდება”, - აღნიშნავს გიორგი წიქარაშვილი.

”კოლორპაკის” გენერალური მენეჯერის, ალექსანდრე კაპანაძის თქმით, HP Indigo ეტიკეტებისა და შესაფუთი მასალის საბეჭდად გამოიყენება, Smag Galaxy-ი კი ბეჭდვისშემდგომი ოპერაციებისთვის როგორიცაა მოოქროვება, გამოსახულების ამობურცვა, კვეთა და ა.შ.

”პროგრამით ”აწარმოე საქართველოში” მივიღეთ დაფინანსება. “თიბისი ბანკში” წარვადგინეთ პროექტი, რომლის დაფინანსების შემთხვევაში, შეიქმნებოდა ქართული ადგილობრივი წარმოება, რომლის მსგავსიც მანამდე საქართველოში არ არსებობდა. აქამდე მსგავსი ხარისხით დაბეჭდილი პროდუქციის შესაძენად თანხები ქვეყნის გარეთ გაედინებოდა, ქართველი მწარმოებლები მაღალი ხარისხის ეტიკეტებს იტალიასა და საფრანგეთში უკვეთავდნენ. ახლა ეს პროდუქცია საქართველოში დაიბეჭდება. გარდა ამისა, დასაქმდება ადგილობრივი კადრები. კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ დამკვეთი კომპანიების მარკეტინგის მენეჯერებს და დიზაინერებს ფანტაზიის სრულად გაშლის საშუალება ეძლევათ. ამ დანადგარებით პრაქტიკულად, ეტიკეტზე ნებისმიერი კრეატიული ჩანაფიქრის რეალიზებაა შესაძლებელი”, - აღნიშნავს ალექსანდრე კაპანაძე და დასძენს, რომ ”კოლორპაკმა” უკვე ჩაუშვა დანადგარები წარმოებაში და პირველი შეკვეთაც მიიღო.

”კოლორპაკი” ტელ. 2999 882; მობ. 595017672; 599 854 688

e-mail : sales@color.ge