რუსეთმა საზღვარგარეთ გადასარიცხი თანხის მოცულობაზე ახალი ლიმიტი დააწესა

რუსეთის ბანკმა ფიზიკური პირების საზღვარგარეთ გადარიცხვების ოდენობაზე ახალი ზღვარი დააწესა, რაც 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური ბანკი თავის ვებგვერდზე ავრცელებს.

რუსეთის ბანკში არსებული ანგარიშიდან მომხარებელი ერთი თვის განმავლობაში საზღვარგარეთ თავის ან სხვა პირის ანგარიშზე 10 000 დოლარზე მეტ თანხას ვერ გადარიცხავს, ხოლო კომპანიების მეშვეობით, რომლებიც ფულადი გზავნილების სერვისს ანგარიშის გახსნის გარეშე უზრუნველყოფენ, თვეში არაუმეტეს 5 000 დოლარის გადარიცხვა არის შესაძლებელი.

ეს წესები ვრცელდება რეზიდენტებზე და არარეზიდენტებზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც სანქციებს მხარს არ უჭერენ, ასევე, ყველა სხვა სახელმწიფოს არარეზიდენტებზე, რომლებიც რუსეთში შრომითი ან სამოქალაქო სამართლის ხელშეკრულებებით საქმიანობენ.

6 მარტს ცენტრალურმა ბანკმა რეზიდენტი ფიზიკური პირების საზღვარგარეთ გადარიცხვები თვეში 5 000 დოლარამდე არარეზიდენტი ფიზიკური პირების, მათ შორის ნათესავების სასარგებლოდ შეზღუდა.

რუსეთის ბანკმა, ასევე, საზღვარგარეთ ფულის გადარიცხვები იმ ქვეყნების არარეზიდენტ მოქალაქეებზე აკრძალა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციებს უერთდებიან. აკრძალვა მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან 31 მარტამდე მოქმედებდა და როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეეხებოდა. სიაში 43 ქვეყანა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და აშშ მოხვდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ