კანადა საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებითაა დაინტერესებული

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე კანადის გენერალურ კონსულს ენდრიუ სმიტს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კანადას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით არსებულ პოტენციალზე გაამახვილეს. კანადის გენერალური კონსულის თქმით, კანადის მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებით. მიმდინარე წლის მარტის ბოლოს იგეგმება კანადელი ბიზნესმენების ჯგუფის ვიზიტი, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს. უკვე ცნობილია, რომ ამ ეტაპზე კანადელი ინვესტორების განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოში ხორცპროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა წარმოადგენს.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ კიდევ ერთხელ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ელჩს საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე. მთავრობა მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს სოფლის მეურნეობაში კანადური ინვესტიციების განხორციელებას.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმ დამატებით საექსპორტო შესაძლებლობებზეც, რომელიც საქართველოში ევროკავშირთან ასოცირებისა და ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გაჩნდა. ნოდარ კერესელიძის თქმით, უკვე 3-4 წელია, რაც საქართველოდან კანადაში წარმატებით ხორციელდება ღვინის ექსპორტი, თუმცა თანამშრომლობა ამ მიმართულებით შემდგომ გაღრმავებას საჭიროებს. მხარეები შეთანხმდნენ, აქტიურად ითანამშრომლონ კანადელი ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ვიზიტის მოსამზადებლად.