რუსეთის ფედერაციის მთავრობამ პარალელური იმპორტი დააკანონა, რაც იმპორტირებული საქონლის მიმწოდებლებს საშუალებას აძლევს, პროდუქცია იმავე სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე გაყიდონ. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
„ამ დრომდე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთი პროდუქციის გაყიდვა, საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე არ შეიძლებოდა“, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა სანქციების პირობებში რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობის გაზრდის სამთავრობო კომისიის სხდომაზე.
მისი თქმით, პროდუქციის ჩამონათვალს, რომლის შემოტანაც რუსეთის ფედერაციაში საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო დარგის წინადადებების საფუძველზე დაამტკიცებს.
პარალელური, ანუ იგივე „რუხი" იმპორტი არის ტერმინი, რაც სასაქონლო ნიშნის მქონე პროდუქციის შეტანას ამ ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე ნიშნავს. ეს ხდება პარალელურად ამ საქონლის ოფიციალური იმპორტისა, რასაც ავტორიზებული დილერები ეწევიან.
ბოლო დრომდე პარალელური იმპორტი, რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლით, აკრძალული იყო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საქონლის შეტანა უშუალოდ უფლების მქონე პირის მიერ, ან მისი თანხმობით არის შესაძლებელი. რუსული კანონმდებლობის მიხედვით, „რუხი“ იმპორტი კონტრაბანდულად ითვლება, რაც საქონლის ლეგალურ იმპორტად არის შენიღბული.
თუმცა, მიშუსტინის თქმით, რუსეთმა „ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი, რომ მთავრობამ პროდუქციის სია უნდა განსაზღვროს, რისი გაყიდვის შემდეგაც მათზე მფლობელის სასაქონლო ნიშნის უფლება ამოწურულად ჩაითვლება.“ მიშუსტინი ამბობს, რომ ასეთ მიდგომას საერთაშორისო პრინციპი ითვალისწინებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ