„დღეს თითქმის არცერთი წისქვილ-კომბინატი არ მუშაობს“ - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული მცურავი საბაჟო გადასახადის შედეგად, დღეს, თითქმის არცერთი წისქვილ-კომბინატი არ მუშაობს საქართველოში - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ლევან სილაგავას თქმით, ახლა მარაგების კონტროლი არა კერძო სექტორის, არამედ სახელმწიფოს პრეროგატივაა.

„ამ ეტაპზე ძირითადად ფქვილის იმპორტი ხდება. გასულ კვირაშიც მცურავმა ბაჟმა მოიმატა 86-დან 96 დოლარამდე. შესაბამისად, ეს არის ფქვილის და ხორბლის იმპორტს შორის სხვაობა. აქ ძირითადად იკვეთება მთავრობის როლი. დღეს თითქმის არცერთი წისქვილ-კომბინატი არ მუშაობს, ქვეყანა გადასულია ფქვილის იმპორტზე. გარკვეული რაოდენობის ხორბალი არის მარაგად და სულ ესაა. ახლა მთავრობა აკეთებს მონიტორინგს, რამდენია მარაგი და არა ჩვენ, რადგან პროცესში არ ვართ ჩართული და ხორბლის იმპორტი პრაქტიკულად, არ ხორციელდება. რაც შემოვიტანეთ ყაზახეთიდან, ეს იყო.

ფინანსთა მინისტრი გამოვიდა და განაცხადა, რომ 1,5 თვის მარაგი არსებობს და დაკვირვების რეჟიმში არიან, თუ საჭირო იქნება ჩავერევითო. შესაბამისად, დღეს, კერძო სექტორის პრეროგატივა აღარ არის მარაგების შექმნა“, - აცხადებს ლევან სილაგავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, რუსეთის მიერ ხორბალზე საბაჟო გადასახადის დაწესების შემდეგ, ფქვილის იმპორტი მზარდია. საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 23,057 ტონა ფქვილი შემოვიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მხოლოდ 2,321 ტონა.

თამარ მუკბანიანი