დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს და აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება.
,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ზალკალიანი, რომელიც 2018 წლიდან ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტს იკავებდა.
ზალკალიანს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს, მიმდინარე წლის 10 თებერვალს აქვს შევსებული.
დეკლარაციის მიხედვით, დავით ზალკალიანის ოჯახის ქონება მთლიანად მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული. თამარ ქემოკლიძე ფლობს ლისზე მუხაწყაროს -2 -ის ტერიტორიაზე 150 კვ.მ საცხოვრებელ სახლს, რომელიც 2002 წელს იყიდა. იმავე წელს, იმავე მისამართზე 2500 ლარად იყიდა 600 კვ.მ მიწა. 2020 წელს კი,იგივე ტერიტორიაზე 2 მიწის ნაკვეთი მიიღო 100%-იან მფლობელობაში საკუთრების უფლების აღიარების კომისიით.
2017 წელს დიდი ლილოს ტერიტორიაზე, ვარკეთილის მეურნეობაში თამარ ქემოკლიძემ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიიღო ჩუქებით. ზალკალიანის მეუღლემ შეიძინა 2004 წელს მიწა, 3 500 ლარად, რომლის არც ფასი და არც ადგილმდებარეობა მითითებული არ არის.
თავად ზალკალიანი კი, უძრავი ქონებიდან მხოლოდ წყნეთის ქუჩაზე მდებარე, 62 კვ.მ ბინის 50% თანამესაკუთრეა მეუღლესთან ერთად.
დავით ზალკალიანი ფლობს სიტროენ C3-ს, რომელიც 2020 წლის გამოშვებაა და იმავე წელს 52 620 ლარი აქვს გადახდილი.
დეკლარაციის შევსებისას ზალკალიანი Tbc ბანკის სახელფასო ანგარიშზე ჯამში 37 374 ლარს ფლობდა. liberti ბანკის სახელფასო ანგარიშზე კი, 884 ლარს. სხვა უძრავი ქონება ან ფულადი აქტივი, დეკლარაციის მიხედვით, ზალკალიანს არ გააჩნია. ამასთან, დავით ზალკალიანმა გასულ წელს მინისტრის პოსტზე მუშაობასას ხელფასის სახით 60 300 ლარი აიღო.
მეუღლე შპს ენერჯის გენერალური მენეჯერია. შვილი, ნინო ზალკალიანი კი, შპს- ,,ბათუმი რივიერა"-ს მარკეტინგის მენეჯერი.