სემეკმა მოქალაქეებს 12 000 ლარამდე თანხა ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.

სემეკის ინფორმაციით, კომისიამ იმსჯელა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავების შესახებ და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო. სხდომაზე კომპანიების მხრიდან უსაფუძვლოდ დარიცხული და სემეკის მიერ ჩამოწერილი თანხების საერთო რაოდენობამ 12 000 ლარამდე შეადგინა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ თუ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სექტორებში კომპანიების მხრიდან ირღვევა მათი უფლებები, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. ასევე, კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სემეკის ცხელ ხაზზე – 2420180 ან სემეკის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე.