რუსეთმა ნავთობმომპოვებელი ქვეყნის ლიდერის სტატუსი დაკარგა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს საშუალოვადიანი პროგნოზის თანახმად, 2014 წლის შედეგებით მსოფლიო ლიდერი ნავთობის მოპოვების მხრივ, აშშ გახდა.

გასული წლის განმავლობაში აშშ-მა ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 1,5 მილიონი ბარელით - 11,85 მილიონ ბარელამდე გაზარდა. რუსეთში კი ამავე პერიოდში ზრდის მაჩვენებელმა დღე-ღამეში 50 ათასი ბარელი შეადგინა, რაც ჯამში 10,93 მილიონი ბარელია. მესამე ადგილზე ნავთობის მოპოვების მხრივ უწინდებურად საუდის არაბეთია.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, უახლოეს მომავალში მსოფლიოში ნავთობმომპოვებელი ქვეყნების რეიტინგში ლიდერი ქვეყანა ბევრად უკან ჩამოიტოვებს მდევრებს. სააგენტოს განცხადებით, 2020 წლისთვის აშშ-ში დიდი წილი მოვა ფიქლის ნავთობზე და თუ გასულ წელს მისმა მოპოვებამ ამერიკაში დღე-ღამეში 3,6 მილიონი ბარელი შეადგინა, 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი 5,6 მილიონს მიაღწევს.

რაც შეეხება რუსეთს, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, გამოწვევები, რომელსაც გასულ წელს რუსეთი შეეჯახა, ძირითადად ნავთობზე ფასების ვარდნით, რუბლის კურსის დაცემითა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებით იყო განაპირობებული. სააგენტოს პროგნოზით, ეს ყველაფერი რუსეთში ნავთობის მოპოვების ვარდნასთან ერთად, 2020 წლისთვის ქვეყანაში ნავთობის მოპოვებას კიდევ უფრო შეამცირებს და დღე-ღამეში 560 ათას ბარელს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო რუსეთში ნავთობის მოპოვების ზრდას დღე-ღამეში 200 ათას ბარელამდე წინასწარმეტყველებდა.

"სანქციების გარეშეც რუსეთის ნავთობ-საგაზო სექტორში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია. საგადასახადო რეჟიმის მუდმივი ცვლილება, ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ კომპანიის დახურვის საფრთხე რუსეთში საინვესტიციო სექტორს სარისკოს ხდის", - ნათქვამია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშში.