ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია იმერეთში კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობის პროექტების განხორციელებას გააგრძელებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ტომაშ პრენიცკის შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სამი ძირითადი მიმართულებით ვითარდება: ჯანდაცვა, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა.

დანელიამ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებებში სოფლის მეურნეობას განსაკუთრებული ადგილი აქვს. "ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკას სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გააჩნია", - განაცხადა შეხვედრაზე ოთარ დანელიამ.

ტომაშ პერნიცკიმ დეტალურად ისაუბრა იმ სასოფლო-სამეურნეო პროექტებზე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (იმერეთი, აჭარა, თუშეთი) ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოში საქმიანობის განხილვას. პერნიცკის თქმით, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need 2015 წელსაც აქტიურად გააგრძელებს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ იმერეთში, კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობის პროექტების განხორციელებას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები სისტემატიურ ხასიათს შეიძენს, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გავითარებასა და განმტკიცებას.