ლაშა ტუღუში: კანონში ცვლილებები სარეკლამო თანხების დიდი ტელევიზიებიდან სხვა მედიასაშუალებებში გადანაწილებას შეუწყობს ხელს

მაუწყებლის შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილება სარეკლამო თანხების დიდი ტელევიზიებიდან სხვა მედიასაშუალებებში გადანაწილებას ხელს შეუწყობს.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა. ლაშა ტუღუშმა კანონში შესატან ცვლილებაზე, რომელიც რეკლამის განთავსებას ეხება, კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ტელევიზიებში სარეკლამო დროის ოდენობის განსაზღვრას ევრორეგულაციები ითხოვს, რომელიც საქართველოში უნდა ამოქმედდეს. ტუღუში მიიჩნევს, რომ ევრორეგულაციები პირველ რიგში მიმართულია მაყურებლის ინტერესების დასაცავად, რომელიც ხშირად იღლება ტელევიზიებში სარეკლამო დროის ხანგრძლივობის გამო.

ლაშა ტუღუში იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ტელეკომპანიებს ძალიან დააზარალებს თუ სარეკლამო დროსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები ძალაში წლის შუა პერიოდში შევა, რადგან ტელეკომპანიები კომპანიებისათვის სარეკლამო დროის დასათმობად კონტრაქტებს წლის დასაწყისში აფორმებენ. ამათან, ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა ხელს შეუწყობს სარეკლამო თანხების სხვა მედიასაშუალებებში გადანაწილებას, კერძოდ გაზეთსა და რეგიონალურ ტელევიზიებში.

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ასევე აცხადებს, რომ კანონი უნდა იყოს ისეთი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება და სიტუაციას დააბალანსებს.