საქართველოს მთავრობა შრომის პირობების მონიტორინგს იწყებს

საქართველოს მთავრობამ შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.

პროგრამა შრომის კოდექსის მიხედვით შემუშავდა და უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. როგორც მთავრობის დადგენილებაშია განმარტებული, პროგრამის ამოცანას წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალური რეფორმის საჭიროებების განსაზღვრა, ასევე, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება-გადასინჯვა.

პროგრამის სამიზნე ჯგუფები არიან დამსაქმებლები, რომლებმაც ამ პროგრამაში ჩართვის შესახებ წერილობითი თანხმობა განაცხადეს და დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ ამ დამსაქმებლებთან. მონიტორინგის განხორციელების ხანგრძლივობა დამოკიდებულია საქმიანობის სიდიდეზე, თუმცა ერთ ობიექტზე არა უმეტეს 7 სამუშაო დღით არის განსაზღვრული. დასაბუთებულ შემთხვევებში, აღნიშნული ვადის გახანგრძლივება მხოლოდ ერთხელ, იმავე ვადით არის შესაძლებელი. სამუშაო ჯგუფის მიერ დამსაქმებელს 5 სამუშაო დღით ადრე გაეგზავნება წერილობითი შეტყობინება მონიტორინგის დაწყების თარიღის შესახებ.

მონიტორინგის განხორციელების, რიგითობის და ვადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში, სამინისტროების წარმომადგენლების გარდა, შევლენ სოციალური პარტნიორების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.  აღსანიშნავია, რომ შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი ერთი მილიონი ლარით განისაზღვრა და საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, ,,შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების" პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან დაიფარება.

პროგრამის შესრულების ერთ-ერთი ინდიკატორი, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაა. აღნიშნული პროგრამა შრომის ინსპექციის შექმნის წინაპირობას წარმოადგენს, რომელიც 2006 წელს გაუქმდა და მისი აღდგენა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით არის გათვალისწინებული.