Apple მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა

კომპანია Apple პირველი ამერიკული კომპანია გახდა, რომლის კაპიტალიზაციამ 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ამ მიღწევით სტივ ჯობსის დაარსებული კომპიუტერული კომპანია მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. Nasdaq-ის ბირჟაზე Apple-ის აქციების ღირებულებამ 122,02 დოლარი შეადგინა, რის შემდეგაც ამერიკული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 710,7 მილიარდ დოლარად შეფასდა.

CNN-ის ცნობით, ამ დრომდე ვერც ერთი ამერიკული კომპანია ვერ ახერხებდა კაპიტალიზაციის 700-მილიარდიანი ნიშნულის გადალახვას. Apple-ის კაპიტალიზაციის ასეთი შეფასება ორჯერ აღემატება Google-ს, 8-ჯერ - ”მაკდონალდსის” და 24-ჯერ აჭარბებს ”ტვიტერის” კაპიტალიზაციის მაჩვენებელს. ტექნოლოგიური გიგანტის უახლოესი მდევარი ყველაზე ძვირადღირებულ ამერიკულ კომპანიებს შორის მხოლოდ ნავთობკომპანია Exxon Mobil-ია, რომელიც 384 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

1980 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, როდესაც Apple-ის აქციები პირველად გამოიტანეს ბირჟაზე, კომპანიის საბაზრო ღირებულება 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა. Apple-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, გასული წლის მეოთხე კვარტალში - სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით - კომპანიამ 74 მილიონი iPhone გაყიდა, რამაც რეკორდული - 18 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა. ამერიკული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი რამდენიმე ადგილობრივმა გამოცემამ 2014 წლის საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად დაასახელა, Financial Times-მა კი წლის ადამიანად აღიარა.