EastFruit  - რუსეთში ქართული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი შემცირდა და კიდევ უფრო შემცირდება

მარტში საქართველოდან რუსეთში მხოლოდ 0,8 მლნ დოლარის ხილი, თხილი და ბოსტნეული გავიდა, რაც, 2014 წლის ემბარგოს მოხსნის შემდეგ, ანალოგიური თვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პორტალი EastFruit მომავალში ექსპორტის კიდევ უფრო დაცემას ვარაუდობს, რასაც უკრაინის ომსა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკავშირებს.

წლიური გაანგარიშებით, რუსეთში ექსპორტი მებაღეობის ყველა ძირითად პროდუქტზე შემცირდა. 2021 წლის მარტთან შედარებით, რუსებმა, დაახლოებით 0,9 მლნ დოლარით ნაკლები ვაშლი, მილიონი დოლარით ნაკლები თხილი და 0,2 მლნ დოლარით ნაკლები კარტოფილი იყიდეს. 4%-ით შემცირდა მწვანილის ექსპორტიც, მაშინ, როცა ამ პროდუქტის ექსპორტის პიკური თვე სწორედ მარტია. ზოგადად, მწვანილი ქართული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტში, განსაკუთრებით რუსეთის მიმართულებით, საკვანძო პროდუქტია.

EastFruit ხაზს უსვამს, რომ მარტი მთავარი საექსპორტო პერიოდი არ არის და რუსეთში გაცილებით მეტი რაოდენობით პროდუქცია წლის მეორე ნახევარში გადის. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში მოცვის, ატმის, თხილის, ვაშლისა და მანდარინის ექსპორტი იწყება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ