დავით შავლიაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი ჩინეთის ელჩს საქართველოში, იუე ბინს შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.  მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებს, ასევე ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ამ პროექტებში ჩინური სამშენებლო კომპანიების ჩართულობას შეეხო.

როგორც შავლიაშვილმა აღნიშნა, ჩინურ სამშენებლო კომპანია "სინოჰიდროსთან" თანამშრომლობით კმაყოფილია და ისინი თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობას აქტიურად ახორციელებენ. მინისტრმა სამშენებლო კომპანიებთან დადებული კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოების ხარისხიანად შესრულებასაც გაუსვა ხაზი.

ჩინეთის ელჩის იუე ბინის განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის წარმატებები, რასაც მათ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ბოლო პერიოდში მიაღწიეს. მანვე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ჩინური მხარე ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისთვის ყველაფერს გააკეთებს.