”ღვინის, მინერალური წყლის, ციტრუსის ექსპორტი შემცირებულია”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ 2015 წლის იანვარში ექსპორტის კლების მიზეზები განმარტა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2015 წლის იანვრის ექსპორტის წინასწარი მონაცემები გამოაცხადა, თუმცა სრულ ინფორმაციას საქსტატი 25 თებერვალს გამოაქვეყნებს.

"შემოსავლების სამსახურის დეკლარაციების მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ ჩავატარეთ ანალიზი, საიდანაც იკვეთება, რომ ექსპორტის გარკვეულ სეგმენტში კლება მოხდა რეგიონში მიმდინარე პრობლემებიდან გამომდინარე, კერძოდ, რუსეთისა და უკრაინის ბაზარზე არსებული პროცესებიდან გამომდინარე. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ქვეყნებში ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ასევე ვალუტის გაუფასურება დიდ პრობლემას უქმნის საექსპორტო პროდუქციას, რომ ბაზარზე განთავსდეს. შესაბამისად, ეს აისახა ჩვენს ექსპორტზეც, რადგანაც რეგიონის ქვეყნებთან ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ექსპორტი ევროკავშირში, კერძოდ, ევროკავშირის ბაზარზე ქართული ექსპორტი დაახლოებით, 21%-ით არის გაზრდილი", - განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტი რუსეთსა და უკრაინაში შეცირებულია, თუმცა მათი მოცულობა სხვა ბაზრებზე გაზრდილია. "თუ ჩვენ შევადარებთ რუსეთის ბაზრის გახსნამდე, 2012 წლის ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტის მაჩვენებლებს და 2015 წლის იანვრის მონაცემებს, შეიძლება ითქვას, რომ ყველა იმ ბაზარზე, რომელიც საქართველოს 2012 წლამდე ჰქონდა საექსპორტო კუთხით, მინერალური წყლის ექსპორტი გაზრდილია დაახლოებით, 5-ჯერ, ხოლო ღვინის ექსპორტი კი დაახლოებით, 3-ჯერ. ეს ნიშნავს, რომ რეგიონი ჩვენზე გავლენას ახდენს, მაგრამ ჩვენ ბაზრების დივერსფიცირების კუთხით ვმუშაობთ და ჩვენ ყოველთვის ბიზნესს მხარში ვუდგევართ იმისთვის, რომ სხვა ბაზრები აითვისონ", - განაცხადა ჯანელიაძემ და დასძინა, რომ ასეთი ბარზების წილი ჯერჯერობით მცირეა, თუმცა მნიშვნელოვნად მზარდია.

მინისტრის მოადგილის თქმით, შემცირებულია ღვინის, მინერალური წყლის, ციტრუსის ექსპორტი, ასევე ექსპორტის კლება დაფიქსირდა ფეროშენადნობებსა და აზოტოვან და ნახშირბადიან ფოლადზე, თუმცა ჯანელიძის განცხადებით, გაზრდილია ისეთი პროდუქციის ექსპორტი, როგორიცაა - თხილი და კაკალი, მწვანილი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, ოქრო, მამაკაცის ტრიკოტაჟის ნაწარმი.