რა ვაჩუქოთ ვალენტინობის დღეს?

როგორ გააბედნიეროთ ”ვალენტინობაზე” თქვენი რჩეული ისე, რომ ამით თქვენს ჯიბეს დიდი დარტყმა არ მიადგეს?

წმინდა ვალენტინის დღის აღნიშვნას საქართველო სულ რამდენიმე წლის წინ შეუერთდა. ახლა უკვე ”შეყვარებულების დღეს” 14 თებერვალს მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან ერთად საქართველოშიც ზეიმობენ - საჩუქრებს ჩუქნიან საყვარელ ადამიანებს, სტუმრობენ საყვარელ რესტორნებსა და ადგილებს.

ამერიკის ეროვნული საცალო ფედერაციის პროგნოზით, ამერიკაში ვალენტინობის დღეს დანახარჯები წელს 18,9 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მათივე გათვალებით ერთი ადამიანი დაახლოებით 142 დოლარს დახარჯავს საყვარელი ადამიანისთვის ტკბილეულის, ყვავილებისა და ტანსაცმლის შესაძენად. თუმცა, ამერიკული გამოცემა ”ჰაფინგტონ პოსტი” შეყვარებულებს ფინანსური და ურთიერთობის ექსპერტების რჩევებს სთავაზობს, თუ როგორ გააბედნიეროთ ”ვალენტინობაზე” თქვენი რჩეული ისე, რომ ამით თქვენს ჯიბეს დიდი დარტყმა არ მიადგეს.

კომპანია Money Crashers-ის წარმომადგენლის ენდრიუ შრეიჯის თქმით, თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას არ გაძლევთ საყვარელ ადამიანს ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთოთ, ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია აჩუქოთ მას ყავის ჭიქა. ”გასულ წელს, ვალენტინობის დღეს ჩემს მეგობარ გოგონას ყავის ჭიქა ვაჩუქე, რომელიც ფერს იცვლიდა, როგორც კი მასში ყავას ჩაასხამდით. ეს ორიგინალური საჩუქარი სულ რაღაც 10 დოლარი დამიჯდა, ჩემი მეგობარი გოგონა კი ძალიან ბედნიერი იყო”, - ამბობს ენდრიუ.

ფსიქოლოგი ეიფრილ მასინი კი აღნიშნავს, რომ ყველაზე იაფფასიანი, თუმცა ძალიან ძვირფასი საჩუქარი თქვენივე ხელით დაწერილი სასიყვარული წერილია. ამერიკელი ფსიქოლოგის თქმით, თქვენს საყვარელ ადამიანზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას იქონიებს, თუ ვალენტინობის დღეს სიყვარულით დაწერილი წერილით მიულოცავთ.

ექსპერტი ურთიერთობების საკითხებში - ეშლი მარსინის აზრით, ისევე როგორც ქალბატონებს, მამაკაცების უმრავლესობასაც მოსწონს, როდესაც მას შოკოლადს ჩუქნიან. ასე რომ, მხოლოდ ერთი კოლოფი ტრიუმფელიც კი საკმარისია იმისთვის, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს ”ვალენტინობა” მიულოცოთ.

თუ გინდათ, რომ 14 თებერვალი ძალიან არ აისახოს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, ამერიკელი ექსპერტი დევიდ კარლსონი გირჩევთ, რომ საყვარელ ადამიანს გაუკეთოთ რამე ორიგინალური საჩუქარი. ”საუკეთესო საჩუქარი, რაც ვალენტინობაზე მიმიღია, რომლის ღირებულებაც 20 დოლარზე ნაკლებია, ეს 12 ცალი კონვერტი იყო. თითო კონვერტზე თითო პაემნის იდეა ეწერა, რომელიც მე და ჩემს შეყვარებულს ერთად უნდა აღგვენიშნა”, - ამბობს დევიდ კარლსონი.

არაძვირადღირებულ საჩუქრებს შორის ასევე სახელდება ლუდის ჭიქა, რომელიც თქვენს საყვარელ მამაკაცს შეგიძლიათ აჩუქოთ. მეტი ორიგინალურობისთვის კი შეგიძლიათ ჭიქაზე თვენი მეორე ნახევრის საყვარელი საფეხბურთო კლუბის ლოგო დაიტანოთ. კიდევ ერთი იაფფასიანი საჩუქარი ეს მუსიკალური CD-ია, რომელის შეგიძლიათ სულ რამდენიმე ლარად შეიძინოთ და თავად ჩაწეროთ თქვენი საყვარელი ადამიანის საყვარელი მუსიკალური ნაწარმოებები.