თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას თბილისის მერია მომავალ კვირას გამოაცხადებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის შესახებ ეკონომიკური საბჭოს გუშინდელ სხდომაზე ისაუბრეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინტერესთა გამოხატვის პირობებზე, ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, განცხადებას თბილისის მერი დავით ნარმანია გააკეთებს.

ეკონომიკურმა საბჭომ სხდომაზე ასევე რეგიონების ეკონომიკური განვითარების გეგმა და რეგიონებში წარმოების მიმართულებით არსებული პოტენციალი განიხილა. საბჭო ყველა რეგიონის გუბერნატორის პრეზენტაციას მოისმენს, რის შემდეგაც, თითოეულ რეგიონში, წარმოების წახალისების მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დაიწყება.