„მთავრობამ დაიწყო  პოლიტიკური „ინფლუენსერობა“, რომ მოახდინოს ფასზე გავლენა, მაგრამ  ვერ მოახდენს“ - ოთო აბესაძე საწვავის გაიაფებაზე

„მთავრობამ დაიწყო ერთგვარი პოლიტიკური „ინფლუენსერობა“, რომ მოახდინოს ფასზე გავლენა, მაგრამ ვერ მოახდენს. იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობის რესურსი ამას არ ეყოფა. ამას სჭირდება ეკონომიკური რეფორმა და ეკონომიკური ნაბიჯები“,- ამის შესახებ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

აღნიშნულით ის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ნავთობიმპორტიორებს საწვავის ფასის კორექტირებისკენ მოუწოდა.

„მთავრობამ დაიწყო ერთგვარი პოლიტიკური „ინფლუენსერობა“, რომ მოახდინოს ფასზე გავლენა, მაგრამ ვერ მოახდენს. იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობის რესურსი ამას არ ეყოფა. ამას სჭირდება ეკონომიკური რეფორმა და ეკონომიკური ნაბიჯები.

აქ მთავარია საერთაშორისო სტანდარტები და სანქციები, ან იურისპრუდენცია არ დაირღვეს. ანუ, ნავთობის შეძენა არ მოხდეს საერთაშორისო კანონმდებლობის და წესების დარღვევით. სხვა შემთხვევაში, დღევანდელი მსოფლიო საბაზრო მოცემულობა იძლევა რესურსს, რომ სახელმწიფოებმა შეიძინონ ნავთობი. ამას წყვეტს ბიზნესი და მოთხოვნა-მიწოდება. თუ ერთ კომპანიაში საწვავი ეღირება იაფი, ვიდრე მეორეში, აქ მოთხოვნა-მიწოდებაა და ამ არჩევანს ადამიანები გააკეთებენ, წმინდა ეკონომიკური პარამეტრებით, მაგრამ თუ მთავრობას ჰქონდა ამის საშუალება, მაშინ სად იყო წლის განმავლობაში. საწვავზე ფასების ზრდა არ დაწყებულა დღეს და გუშინ. საწვავზე ფასების ზრდა და ამაზე აპელირება მიმდინარეობს უკვე 1 წელზე მეტია. ანუ რაღაც შესაძლებელი ყოფილა?! ვერ გავიგე... მე ეს მესიჯი უფრო გავიგე, როგორც პრემიერის მხრიდან ერთგვარი ზეგავლენის მოხდენა საბაზრო ფასზე, რომელიც ვერ მოხდება, იმიტომ რომ საბაზრო ფასი და კონიუქტურა არ ემორჩილება უხილავი ხელის პრინციპს. ეს ემორჩილება მოთხოვნა-მიწოდებას“,- განაცხადა ოთო აბესაძემ.

ნინი ქეთელაური