IEA - რუსეთს მაისში ნავთობმოპოვების ორჯერ მეტად შემცირება მოუწევს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა შესაძლოა, ქვეყნის ნავთობმოპოვება აპრილში დღეში 1,5 მილიონი ბარელით შეამციროს, ხოლო თუ სანქციები გამკაცრდა, მაისში მოპოვება ორჯერ მეტად, დღეში 3 მილიონი ბარელით შემცირდება. ამი შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

IEA-ს მონაცემებით, ამჟამად რუსეთმა, მარტთან შედარებით, ნავთობმოპოვება დღეში, საშუალოდ, 700 ათასი ბარელით შეამცირა.

„ჩვენ მოველით, რომ ეს დანაკარგები ერთი თვის განმავლობაში დღიურად, საშუალოდ, 1,5 მილიონ ბარელამდე გაიზრდება, რადგან რუსული გადამამუშავებელი ქარხნები წარმოებას სულ უფრო ამცირებენ, უფრო მეტი მყიდველი იკავებს თავს ბარელებისგან და რუსული საწყობებიც სულ უფრო ივსება,“ - ნათქვამია მოხსენებაში.

იმის მიუხედავად, რომ დასავლური კომპანიების უმეტესობამ უარი თქვა რუსული ნავთობის მიწოდებაზე, IEA აცხადებს, რომ მისი მყიდველები აზიაში გამოჩნდნენ, რომლებმაც პარტიები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეისყიდეს. თუმცა IEA რუსული ნავთობის ჩინეთში ექსპორტის ზრდას არ მოელის, რადგან მისი მხრიდან ნედლეულზე მოთხოვნა COVID-19-ის ახალი შეზღუდვების გამო შემცირდა. დაავადების გავრცელებამ ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წარმოების მოცულობა შეამცირა.

სააგენტო, ასევე, აღნიშნავს, რომ რიგი ქვეყნების ემბარგომ და მყიდველების ბოიკოტმა რუსეთიდან ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებას დარტყა. IEA-ს მონაცემებით, მარტში რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო გზით ექსპორტის მთლიანი მოცულობა 5,7 მილიონ ბარელამდე დაეცა. კერძოდ, ნავთობის მიწოდებამ დღეში 3,4 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც 440 000 ბარელით ნაკლებია, ხოლო ნავთობპროდუქტების დღიური მიწოდება 2,3 მილიონი ბარელი, ანუ 780 000 ბარელით ნაკლები იყო.

მაგალითად, ევროპაში საზღვაო მიწოდება დღეში 420 000 ბარელით, 1,4 მილიონ ბარელამდე შემცირდა, ხოლო აშშ-ში მარტის ბოლოსთვის სრულად შემცირდა. მართალია, მარტში დღიური დატვირთვა ინდოეთში 310 000 ბარელამდე გაიზარდა, მაგრამ თებერვალში ის, თითქმის, ნულზე იყო დასული. ჩინეთის მიმართულებით საზღვაო ექსპორტი ჯერჯერობით დღეში მხოლოდ 70 000 ბარელით, 790 000 ბარელამდე გაიზარდა.

„ჯერ კიდევ საკითხავია, შეძლებენ თუ არა აზიელი მყიდველები რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სრულ ათვისებას, რაზეც ევროპა უარს ამბობს, ხოლო აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ მთლიანად დაბლოკეს. სრული გადანაწილების გარეშე, რუსეთს შესაძლოა, ნავთობის დამატებითი მოპოვების შეჩერება მოუწიოს,“ - ნათქვამია ანგარიშში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ