Facebook-ი მომხმარებელს ანდერძის დატოვების სერვისს სთავაზობს

სოციალური ქსელი Facebook-ი მომხმარებელს საკუთარი ექაუნთის მემკვიდრეობით გადაცემას საშუალებას აძლევს.

სოციალური ქსელის მომხმარებელს ამიერიდან შეუძლია საკუთარი ექაუნთი გარდაცვალების შემდეგ უანდერძოს მისთვის სასურველ ადამიანს, იქნება ეს მეგობარი თუ ნათესავი.

მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ”ფეისბუქის” გვერდი მემორიალურ სტატუსს მიიღებს, მემკვიდრეს კი შეეძლება განათავსოს განცხადება გვერდის მფლობელის გარდაცვალების თაობაზე.

ანდერძით მემკვიდრეს ასევე უფლება აქვს შეცვალოს წინა მდლობელის პროფილის ფოტო ან გარეკანის გამოსახულება, ე.წ. ქავერ ფოტო. ამასთან ერთად, მემკვიდრეს არ ექნება წვდომა გარდაცვლილის პირად წერილებთან და ვერც მისი პაროლით სარგებლობას შეძლებს.

”ფეისბუქის” ახალი პროდუქტის მენეჯერის ვანესა კელისონ-ბერჩის განმარტებით, მას შემდეგ რაც ”ფეისბუქი” ადამიანის გარდაცვალების შესახებ შეტყობინებას საგანგებოდ შევსებული ონლაინ ანკეტის მეშვეობით მიიღებს, სოციალური ქსელი მის მონაცემებში შესწორებებს შეიტანს: გარდაცვლილის სახელის თავზე გაჩნდება სიტყვა ”მოგონება” (Remembering). ექაუნთის მემკვიდრე აუცილებლად უნდა იყოს ”ფეისბუქის” მომხმარებელი. სწორედ მას მიეცემა ანგარიშის მართვის შესაძლებლობა (ახალი იუზერნეიმისა და პაროლის დახმარებით).

რა თქმა უნდა, ახალი პარამეტრების ამოქმედებამდე ”ფეისბუქმა” უნდა მიიღოს მისი მომხმარებლის გარდაცვალების დოკუმენტური მტკიცებულება, რომლის შემდეგაც კედელზე (timeline) გარდაცვალების ცნობა განთავსდება.

ახალი ოპცია ამ ეტაპზე მხოლოდ აშშ-ის მოსახლეობისთვის არის ხელმისწავდომი, თუმცა სოციალური ქსელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უახლოეს ხანებში ამ სერვისით სარგებლობას სხვა ქვეყნებშიც შეძლებენ.

ამ დრომდე ”ფეისბუქი” გარდაცვლილი მომხმარებლების ექაუნთს აუქმებდა, თუ სოციალური ქსელისთვის ეს ფაქტი ცნობილი ხდებოდა.

გასულ წელს ”ფეისბუქმა” თითქმის გაიორმაგა მოგება. სოციალური ქსელის სუფთა მოგებამ 2014 წლის მონაცემებით 2,94 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 96%-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებელზე.