ევროზონის მშპ-მა მოსალოდნელზე მეტი ზრდა აჩვენა

2014 წლის IV კვარტალში ევროზონის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 0,3% შეადგინა.

ევროპული სტატისტიკური სააგენტო Eurostat-ის მონაცემებით, წლიური ზრდის თვალსაზრისით ევროზონის მშპ-ის ზრდა 0,9%-ია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

”ბლუმბერგის” ინფორმაციით, ევროზონის მშპ-ს ზრდა იმაზე 0,1%-ით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ. სააგენტოს ცნობით, IV კვარტალში ეკონომისტები ევროზონის მშპ-ის 0,2%-ით ზრდას პროგნოზირებდნენ, წლიური მაჩვენებლის თვალსაზრისით კი 0,8%-იან ზრდას ვარაუდობდნენ.

ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ლიდერი უნგრეთია, რომელმაც გასული წლის მეოთხე კვარტალში 0,9%-იანი ზრდა აჩვენა, მას მოსდევს გერმანია და ესპანეთი 0,7%-იანი ზრდით. აუტსაიდერთა შორის არიან კვიპროსი - 0,7%-იანი ვარდნით, ფინეთი - მინუს 0,3% და საბერძნეთი - მინუს 0,2%.

ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ გაუმჯობესებული პროგნოზით, 2015 წელს ევროზონის ეკონომიკა 1,3%-ით გაიზრდება, 2016 წელს კი - 1,9%-ით.

ევროზონის მშპ-ის ზრდის ფონზე, პარასკევის ბირჟაზე ევრომ დოლართან მიმართებაში დადებითი დინამიკა აჩვენა და ერთი ევროს ფასი 1,1404 დოლარიდან 1,1412 დოლარამდე გაიზარდა.

საერთო ჯამში, ბირჟის დახურვის მომენტში დოლარის ინდექსი ექვსი ძირითადი ვალუტის კალათის მიმართ 0,24%-ით დაეცა 93,97 პუნქტამდე.