იტალიელი მილიარდერი მიკელე ფერერო გარდაიცავალა

ყველაზე მდიდარი იტალიელი, საკონდიტრო კონცერნ Ferrero-ს მფლობელი მიკელე ფერერო 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Bloomberg Billionaires Index-ის ბოლო მონაცემებით, ”ნუთელასა” და ”ქინდერის” მწარმოებელი კომპანიის მფლობელის ქონებამ 23,4 მილიარდი შეადგინა. "ფერერო ჯგუფი" ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა ”ფერერო როშე”, ”ნუთელა”, ”ქინდერი” და ”ტიკ-ტაკი”.

იტალიელი მაგნატი რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც ბიზნესსაქმიანობითაც დაინტერესდა. 2007 წელს ”ფერერომ” სამეგრელოში თხილის პლანტაციების გასაშენებლად და ორი გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად მიწა შეისყიდა. იტალიურ კომპანიას თხილიანი ”ნუთელას” დასამზადებლად ყოველწლიურად 25 ათას ტონაზე მეტი თხილი სჭირდება.

მიკელე ფერერო მამამისის დაფუძნებულ კომპანიას სათავეში 1957 წელს ჩაუდგა. ამჟამად "ფერერო ჯგუფს" მიკელე ფერეროს უმცროსი შვილი ჯოვანი ხელმძღვანელობს. მიკელე ფერეროს უფროსი შვილი პეტრო 2011 წელს, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.