ნავთობკომპანიებმა 100 ათასზე მეტი თანამშრომელი შეამცირეს

ნავთობზე ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა 100 ათასზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ამერიკული კომპანია Swift worldwide Resources-ის გენერალური დირექტორის ტობიას რიდის განცხადებით, თანამშრომელთა მასშტაბური შემცირება აშშ-ის სანავთობო სექტორზე მოდის, თუმცა შემცირებები შეეხოთ შოტლანდიის, ავსტრალიისა და ბრაზილიის მსხვილ სანავთობო პროექტებზე დასაქმებულებსაც.

”თუ გასული შვიდი წლის განმავლობაში ნავთობსექტორში დასაქმებულთა დეფიციტი იყო, წელს პირველად ვხედავთ მათ მოზღვავებას. ამ ეტაპზე ნავთობკომპანიები პრაქტიკულად აღარ აცხადებენ ახალ ვაკანსიებს”, - აღნიშნავს ტობიას რიდი.

უმსხვილესი სანავთობო კომპანიების BP-სა და Royal Dutch Shell-ის ხელმძღვანელებმა ცოტა ხნის წინ ხარჯების 40 მილიარდამდე შემცირების თაობაზე განაცხადეს და აღნიშნეს, მზად არიან კიდევ უფრო მეტი შემცირებისკენ, თუ ნავთობზე ფასები არ გაიზრდება. BP-ის ფინანსური მენეჯერის განაცხადებით, კომპანია 1 მილიარდი დოლარის დაზოგვას ვარაუდობს თანამშრომელთა მასშტაბური შემცირებით.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2015 წელს ნავთობზე დაბალი ფასები შენარჩუნდება, თუმცა 2016 წლისთვის ფასები უმნიშვნელოდ გაიზრდება.

ამერიკული ბანკის Goldman Sachs-ის განცხადებით კი, უახლოეს სამ თვეში WTI-ის ნავთობზე ფასი ბარელზე 41 დოლარი იქნება, ”ბრენტის” მარკის ნავთობის ღირებულება კი ბარელზე 42 დოლარს შეადგენს.

13 თებერვლს ICE-ის ბირჟაზე ”ბერნტის” მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 60,26 დოლარი შეადგინა.