ინფლაციის ზრდა რეკლამაში ინვესტიციის მატებას განაპირობებს

ფასების ზრდამ, რაც მომხმარებლებს აიძულებს, შენაძენზე რთული არჩევანი გააკეთონ, შესაძლოა, მარკეტერებისთვის რეკლამა გააძვიროს. თუმცა ინფლაცია მომხმარებლებს იმასაც აიძულებს, რომ სპეციალური შეთავაზებები, ჯილდოები და ფასდაკლებები უფრო ხშირად გამოიყენონ. ამის შესახებ Moody's Analytics-ის ანგარიშში არის ნათქვამი, რასაც პორტალი MediaPost ავრცელებს.

Moody's Analytics-ის შეფასებით, რეკლამის ფასები აუქციონის მოთხოვნის, აუდიტორიის ზომისა და სხვა ფაქტორების მიხედვით მერყეობს.

„ზოგადად, რაც უფრო მაღალია რეკლამებზე მოთხოვნა, მით უფრო მაღალია რეკლამის მთლიანი ხარჯები, რასაც განმთავსებელი იხდის,“ - აცხადებს Merkle-ის საძიებო და შესრულების მარკეტინგის უფროსი ვიცე პრეზიდენტი, მეთიუ მიერზეევსკი.

მისი თქმით, თუ რეკლამის განმთავსებლები მიზნებს შემოსავლის ღირებულებით ადგენენ, ინფლაციის შედეგად შემოსავლის ნებისმიერი ზრდა მათ საშუალებას მისცემს, სარეკლამო სტრატეგიებზე მეტი დახარჯონ. მაგალითად, ინფლაციის გამო შემოსავლის 5%-ით ზრდამ შესაძლოა, რეკლამაში 5%-ით უფრო მეტი ინვესტიცია განაპირობოს, ანუ მიმდინარე კვარტალში რეკლამის განმთავსებლებს ახალი მომხმარებლების შენარჩუნება ან შეძენა შესაძლოა, უფრო მეტი დაუჯდეთ.

მარტში სამომხმარებლო ფასები, შარშანდელ იმავე თვესთან შედარებით, 8.5%-ით გაიზარდა. შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, ეს პროგნოზირებულზე ოდნავ მეტი და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1981 წლის შემდეგ. ბევრი ახალგაზრდა მარკეტერი ამ ტიპის ინფლაციას შესაძლოა, პირველად წააწყდა.

Rakuten Rewards-ის მმართველი დირექტორი და შემოსავლების ხელმძღვანელი, ჯული ვან ულენი აცხადებს, რომ რეკლამის ხარჯები ინფლაციასთან ერთად არ გაზრდილა, თუმცა პროგრამული და სოციალური მედიის სარეკლამო ხარჯები გასულ წელს მეტად გაიზარდა.

მისი თქმით, ფულის უკან დაბრუნების შესაძლებლობა, განსაკუთრებით ინფლაციის დროს, ჯილდოს უნიკალური სისტემაა. მაგალითად, Rakuten-ში რეკლამის განმთავსებლები იხდიან მხოლოდ მაშინ, როცა მომხმარებლები ყიდულობენ.

სააგენტო 9Rooftops-ის ძიების ვიცე-პრეზიდენტი, ჯონათან კაგანი სარეკლამო მედიის ყიდვისთვის რამდენიმე რჩევას იძლევა.

„პროდუქტებზე ან სერვისებზე ფასები ყველაზე ბოლოს გაზარდეთ და კონვერსიის კოეფიციენტის უფრო სწრაფ შემცირებას თავიდან აიცილებთ. ასევე, მთელი თქვენი გაყიდვები მხოლოდ ახალი კი არა, განმეორებითი მომხმარებლებისთვის წარმართეთ, რომ ისინი შეინარჩუნოთ,“ - აცხადებს ჯონათან კაგანი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ