ბიძინა ივანიშვილი: ლარის კურსთან დაკავშირებული პროცესები ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული და არა ხელისუფლების სისუსტით

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებული პროცესები საგარეო და ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული და არა ხელისუფლების სისუსტით.

აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. მისივე ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა დროულად გააკეთა ინტერვენცია და ეს არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ლარი ჯანსაღად რეაგირებს პროცესებზე. "ჩვენ ძალიან სუსტი ეკონომიკა გვაქვს, 10-ჯერ და 15-ჯერ ნაკლებია ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაზე, სუსტი ეკონომიკის პირობებში ეროვნულ ვალუტაზე ნებისმიერი საგარეო მოვლენა ახდენს გავლენას – რეგიონში არსებული მძაფრი სიტუაცია მაქვს მხედველობაში. დოლარი გამყარდა გლობალურ ეკონომიკაში, უკრაინაში და რუსეთში რთული მდგომარეობაა, ექსპორტი შემცირდა, შემცირდა ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხების რაოდენობა (მათ გაუჭირდათ იმ ქვეყნებში, სადაც არიან), შემცირდა ტურიზმი. ამას ორი მიზეზი აქვს – ზოგადად რეგიონში ეკონომიკური დაღმასვლა ტურიზმს ამცირებს, მეორეც, ვფიქრობ, თავის დროზე შეცდომა დაუშვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ბევრ ქვეყანასთან აბსოლუტურად გაუაზრებლად გაამკაცრა სავიზო რეჟიმი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილის ადრე გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოსახლეობამ ბანკთან ურთიერთობისას კონსულტანტები უნდა აიყვანოს, ივანიშვილი განმარტავს, რომ ეს სიტყვები უკან არ მიაქვს. "დღესაც ვიმეორებ: კრედიტს პენსიონერი იღებს თუ პროფესიონალი ბიზნესმენი, ვალუტის ცვლილება და მასთან დაკავშირებული მოვლენები ცალკე სპეციალობაა. სპეციალისტის დაქირავებაზე საუბარი საწყენი არ არის, მე ვიგულისხმე, რომ ბანკის სპეციალისტები ვალდებულნი არიან, პენსიონერს თუ ბიზნესმენს, რომელიც მათთან იპოთეკური სესხის გამოსატანად მიდის, რისკები დეტალურად განუმარტონ. იპოთეკით დაზარალებულთა დიდი ნაწილი ბანკში სახლს მარტივად დებდა და კრედიტს იღებდა, თუმცა მოგვიანებით, როცა საკითხი სახლის გაყიდვამდე მიდიოდა, შოკში ვარდებოდა. ასეთი რისკები თავშივე გაცნობიერებული არ ქონდათ. რა თქმა უნდა, აქაც გამოცდილება და თუ გნებავთ, განათლებაც გვაკლია", - განაცხადა ივანიშვილმა.