დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე 700-მდე სანათი წერტილი დამონტაჟდება

დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე 700-მდე ახალი სანათი წერტილი დამონტაჟდება.

შპს "სინათლის ქალაქის" ინფორმაციით, დიდ დიღომსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების ქსელის განვითარების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე დღეს "სინათლის ქალაქის" ხელმძღვანელობა გაეცნო.

"სინათლის ქალაქის" დირექტორის მოადგილის, ვეფხვია ბაძაღუას განმარტებით, მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია 160 ახალი საყრდენი ბოძის და 700-მდე სანათი წერტილის დამონტაჟება. ბაძაღუას თქმით, 22 კილომეტრიანი ქსელის განვითარება მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო და იგი უახლოეს მომავალში დასრულდება.

"ეს გახლავთ ახალი დასახლება და ამ ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გარე განათების ქსელი საერთოდ არ არსებობდა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. მიმდინარე სამუშაოების შედეგად, დაიდგმება 160 ახალი საყრდენი ბოძი, უკვე არსებულ ბოძებზე კი დამონტაჟდება 700-მდე ახალი სანათი, რის შედეგადაც მიმდებარე ტერიტორია განათდება",- განაცხადა ვეფხვია ბაძაღუამ.

მისივე თქმით, "სინათლის ქალაქის" სამშენებლო-სარემონოტო განყოფილების თანამშრომლები სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ და გარეგანათების ქსელის განვითარება უახლოეს დღეებში დასრულდება.