ქართული სიგარა თურქეთში გავა

შპს ,,იმერი’’ ქართული სიგარის ექსპორტს თურქეთში ახორციელებს.

კომპანია ”იმერის” დირექტორის, თამაზ თურმანიძის ინფორმაციით, სიგარის ექსპორტი ამ ეტაპზე, მხოლოდ თურქეთში ხორციელდება. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ის ჯერ ბოლომდე ათვისებული არ არის. თუმცა სიგარა ბათუმის გარდა რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც რეალიზდება.

აჭარის ა.რ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ”იმერი”, რომელიც 1992 წლიდან დაფუძნდა, ქედის მუნიცილიტეტში მდებარეობს და 2000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული. წარმოების ამოქმედებში 120 000 აშშ დოლარი დაიხარჯა, ასევე, დამატებით აგროკრედიტის სახით - 40000 აშშ დოლარი. თამბაქოს მიღება როგორც ადგილობრივი მოსახლეობიდან, ასევე საქართველოს სხვადასხავა კუთხეებიდან ხდება. პროდუქცია რამდენიმე დასახელების თამბაქოს კუპაჟისაგან კეთდება.

ამჟამად იწარმოება 30 დასახელების სიგარა და მასთან დაკავშირებული 60 აქსესუარი: საფერფლე, მუშტუკი, ყუთი და სხვა. დღის განმავლობაში საწარმოს 2000 ღერი სიგარის წარმოება შეუძლია. გასახვევად გამზადებული, დაჭრილი და კარგად გამომშრალი თამბაქო 25 გრამიან პაკეტებად ფასოვდება. საწარმოში ამჟამად 45 ადამიანია დასაქმებული.