IMF - 2023 წლისთვის რუსეთის მშპ შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თითქმის სრული პროცენტული პუნქტით შეამცირა. მიზეზად IMF უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს ასახელებს და საზოგადეობას აფრთხილებს, რომ ინფლაცია ახლა უკვე მრავალი ქვეყნისთვის „აშკარა და რეალურ საფრთხეს" წარმოადგენს. ამის შესახებ IMF-ის „მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივის“ (World Economic Outlook) ანგარიშში წერია.

IMF მოელის, რომ ომი კიდევ უფრო გაზრდის ინფლაციას, ხოლო რუსეთის წინააღამდეგ ენერგოპროდუქტების ექსპორტზე დასავლეთის სანქციების გამკაცრება გლობალური წარმოების კიდევ ერთ მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს.

მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივის რისკები, ასევე, მოიცავს ჩინეთში მოსალოდნელზე უფრო მკვეთრ შენელებას, რაც COVID-19-ის ხელახალმა ლოკდაუნმა გამოიწვია.

სურსათზე, ენერგომატარებლებსა და სხვა საქონელზე ფასების ზრდამ, განსაკუთრებით დაუცველ განვითარებად ქვეყნებში შესაძლოა, სოციალური არეულობა გამოიწვიოს.

IMF მსოფლიო ეკონომიკის შემცირებას უკვე მეორედ პროგნოზირებს. ამჯერად ფონდი 2022 და 2023 წლებში ეკონომიკის ზრდას 3,6%-ით ვარაუდობს, რაც წელს 0,8%-ით, ხოლო მომავალი წლისთვის 0,2%-ით ნაკლებია იანვარის პროგნოზთან შედარებით. ეს რუსეთ-უკრაინის ომისა და სხვა გლობალური ეფექტების ზემოქმედების ბრალია.

IMF ვარაუდობს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში გლობალური ზრდა, დაახლოებით, 3.3%-მდე შემცირდება, მაშინ, როცა 2004-დან 2013 წლამდე პერიოდში, საშუალოდ, 4.1%-მდე, ხოლო 2021 წელს 6.1%-მდე ზრდა დაფიქსირდა.

სავალუტო ფონდის შეფასებით, უკრაინის მშპ წელს 35%-ით, ხოლო რუსეთის 8,5%-ით შემცირდება. ევროპის ჩამოყალიბებული და განვითარებადი ორივე ბაზრის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა 2,9%-ით შემცირდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტი, პიერ-ოლივიე გურინჩასი აცხადებს, რომ სხვა შეზღუდვების ჩათვლით, რუსეთის ენერგეტიკის ექსპორტზე სანქციების გამკაცრებამ შესაძლოა, ქვეყნის მშპ 2023 წლისთვის 17%-ით, ანუ ორჯერ მეტად შეამციროს.

ევროკავშირში, რომელიც მეტად დამოკიდებულია რუსულ ენერგეტიკაზე, მიმდინარე წლის ზრდის პროგნოზი 1,1%-ით ნაკლებია, ხოლო ბრიტანეთს უფრო ნელი ეკონომიკური ზრდა და მდგრადი ინფლაცია ემუქრება, ვიდრე ნებისმიერ სხვა დიდ ეკონომიკას მომავალ წელს.

IMF 2022 წლისთვის ინფლაციას მოწინავე ეკონომიკებში 5,7%-მდე, ხოლო განვითარებად ქვეყნებში 8,7%-მდე პროგნოზირებს, რაც, იანვრის პროგნოზთან შედარებით, 1,8%-ითა და 2,8%-ით მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ