მანქანების "გაზზე გადაყვანა" ერთბაშად შეწყდა!

თავად საწვავის რეალიზაციამ 30-40%-ით იკლო

საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანების რიცხვი მცირდება. გაზგასამართი სადგურების ინფორმაციით, გაზის მონტაჟზე მოთხოვნამ თითქმის 100%-ით იკლო, ხოლო თავად საწვავის რეალიზაცია 30-40%-ის ფარგლებში შემცირდა. ბუნებრივია, რომ ცვლილება საწვავის გაიაფებას უკავშირდება. ამ ეტაპზე 1 კბ/მ გაზის ფასი 1,15 ლარია, ხოლო 1 ლიტრი ბენზინის ყიდვა 1,4-1,45 ლარადაც არის შესაძლებელი. გაზისა და ბენზინის ფასს შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ მძღოლების უმეტესობა ბუნებრივი აირის გამოყენებაზე, მით უმეტეს, მონტაჟზე, უარს ამბობს.

გაზგასამართ სადგურებში ამბობენ, რომ მუშაობა თითქმის აღარ აქვთ და უკვე დაიწყეს ფიქრი, ალტერნატიულ საშუალებას მიმართონ. მანქანები ბუნებრივ აირზე მფლობელებს საწვავის ხარჯის ეკონომიის მიზნით გადაჰყავდათ. ეს ტენდენცია ბოლო დრომდე განსაკუთრებით აქტუალური იყო.

კომპანია "უნივერსალ კომპან იქსში" აცხადებენ, რომ გაზის აპარატურის მონტაჟზე მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა.

"რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ საქართველოში ეს ბიზნესი ასე "ჩავარდებოდა", შედეგს უკვე ვიმკით. გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ უმუშევრობის ზღვარზე ვართ. რამდენიმე თვის წინათ მოთხოვნა ლარის ვარდნამ განაპირობა, რასაც ბენზინის გაიაფება დაერთო და მძღოლების დიდზე დიდმა უმრავლესობამ გაზის აპარატურის მონტაჟზე უარი თქვა. ასეთი რთული სიტუაცია ბოლო დრომდე არ გვქონია, ძალიან გვიჭირს. ერთ თვეში მხოლოდ 2 შეკვეთა მივიღეთ, როცა რიგს ვერ ავუდიოდით და სულ მცირე, 20 ავტომანქანის მონტაჟს მაინც ვახერხებდით. იანვარში მუშაობა ასე თუ ისე მაინც იყო, თებერვლიდან კი მინიმუმამდე დაეცა",- ამბობს კომპანიის თანამშრომელი.

ხელოსანი კახა სამხარაძე ამბობს, რომ ბოლო დრომდე დაძაბული გრაფიკით მუშაობდა, საქმეს ვერ აუდიოდა. ბოლო 2 კვირაა, მონტაჟზე არც ერთი შეკვეთა არ მიუღია.

"მოთხოვნა თითქმის 100%-ით შეგვიმცირდა, ვერ ვმუშაობთ. დღესდღეობით გაზის ბიზნესისთვის არახელსაყრელი მდგომარეობაა, რაც საწვავის ფასთან პირდაპირ კავშირშია. 1 კბ/მ გაზის ფასი 1,15 ლარია, როცა ბენზინი 1,4-1,50 ლარი ღირს. ცხადია, ასეთი სხვაობა მყიდველისთვის არანაირ შეღავათს არ წარმოადგენს. ვისაც ავტომანქანა გაზზე ჰყავს, მცირე ეკონომიის მიზნით ამ საწვავს ჯერ კიდევ იყენებს, მაგრამ აპარატურის დამონტაჟების სურვილი უკვე აღარავის არ აქვს. ასე თუ გაგრძელდება, სხვა საქმიანობის შეთავსება მოგვიწევს. არ მგონია, ეს პროცესი გახანგრძლივდეს. რაღაც პერიოდი გაივლის და მძღოლებისთვის გაზის თემა ისევ აქტიური გახდება. საწვავის ფასი ყოველთვის არაპროგნოზირებადია და არ ვიცით, სიტუაცია როგორ შეიცვლება. ცვლილებას მუდმივად უნდა ველოდოთ", - ამბობს კახა სამხარაძე.

გაზგასამართი სადგურების ცნობით, მოთხოვნის კლება, უმეტესწილად, საწვავის გაძვირებამ გამოიწვია. "თიბიეის ჯგუფში" აცხადებენ, რომ გაყიდვის მაჩვენებელი 40%-მდე შემცირდა. "მომხმარებლის პასიურობა დეკემბრის დასაწყისიდან იგრძნობა. გაზი რომ არ გაეძვირებინათ, მყიდველის შენარჩუნება არ გაგვიჭირდებოდა. საწვავის ფასი 95 თეთრი იყო და 1,15 ლარამდე გააძვირეს. მძღოლებისთვის ეს საკმარისი მოტივია, რომ გაყიდვა შეემცირებინათ. ამას ბენზინის გაიაფებაც დაერთო და მომხმარებელმა არჩევანი ადვილად გააკეთა", - განმარტავენ "თიბიეის ჯგუფში".

"ნეოგაზის" მარკეტინგის მენეჯერი ნინო კვარაცხელია უფრო ოპტიმისტურადაა. მისი ინფორმაციით, რეალიზაცია არ გაზრდილა, მაგრამ არც პრობლემა შეიმჩნევა. "ბიზნეს-რეზონანსის" გამოკითხულთა შორის "ნეოგაზი" ერთადერთი კომპანიაა, სადაც ბუნებრივი აირის გაყიდვის სტაბილურობაზე საუბრობენ.

"საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. ვინც უკვე მოასწრო მანქანის გაზზე გადაყვანა, თხევადი აირის მოხმარებაზე უარს ვერ იტყვის, მძღოლების ეს კატეგორია ამჯერადაც ჩვენი მომხმარებელია. შეიძლება ბაზარი არ გაიზარდა, მაგრამ არც შემცირებაა. მცირე დროა გასული იმისთვის, რომ ანალიზი გაკეთდეს. მომავალში, შესაძლოა, რეალიზაციამ მართლაც დაიკლოს", - ამბობს ნინო კვარაცხელია.

ის, რაც გაზგასამართი სადგურებისა და კერძო პირებისთვის პრობლემაა, ავტოექსპერტებისთვის დადებით მოვლენადაც კი ფასდება. ისინი მიიჩნევენ, რომ რაც ნაკლები ავტომანქანა გადავა გაზზე, მით უფრო დაცულია მომხმარებელი.

"საქართველო მოძრავ ნაღმებზე ზის. უახლოეს რამდენიმე წელიწადში ე.წ. მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ავტომობილის მძღოლებს, გარშემომყოფებსაც. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანებში დამონტაჟებული ბალონი მეტად სახიფათოა, რადგან ხუთი წლის შემდეგ უწყვეტი მინაბოჭკო სიმტკიცეს კარგავს და მიწად იქცევა. ამ ხნის განმავლობაში დაბერებას იწყებს ორგანული შემკვრელიც და არავინ იცის, როდის გასკდება ბალონი", - ამბობენ სპეციალისტები.

საფრთხე მძღოლებს ადრეც ჰქონდათ გაცნობიერებული, თუმცა საწვავის მაღალი ფასის გამო უპირატესობა გაზს მიანიჭეს. "პირადად მე გაზის აპარატურა იმიტომ დავამონტაჟე, რომ ბენზინის ჩასხმის საშუალება არ მქონდა. ახლა ფასში იმდენად მცირე სხვაობაა, რომ გაზს შეგნებულად არ ვიყენებ. ასეთი ფუფუნების საშუალება როდისღა მექნება? ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ბენზინით ვიარო", - ამბობს გოგა ცხვედიანი, მძღოლი.

"გაზის სისტემას შეგნებულად არ ვამონტაჟებ. არც მინდა მისკენ გახედვა, რადგან საშიშია და სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებ. მეგობრებსაც ამისკენ მოვუწოდებ, რადგან ავტომანქანაში გაზი იგივე ბომბია და არ იცი, როდის შეიძლება აფეთქდეს. ვინც ეკონომიის გაწევაზე ფიქრობს, იყიდონ ისეთი ავტომანქანა, რომელიც ცოტას ხარჯავს და საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოებაზე დაფიქრდნენ", - ამბობს თბილისელი ავტომფლობელი თორნიკე ბაშარული.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"