ნიდერლანდები რუსეთის მოქალაქეებზე მოკლევადიან ვიზებს აღარ გასცემს

დღეიდან ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებზე მოკლევადიან ვიზებს აღარ გასცემს. ამის შესახებ რუსეთში ნიდერლანდების საელჩომ განაცხადა, რასაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ნიდერლანდების საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომლების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების გამო, სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, შეეჩერებინა რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემა 2022 წლის 27 აპრილიდან,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მასში, ასევე, აღნიშნულია, რომ გამონაკლისი იქნება მოთხოვნა ჰუმანიტარული მიზეზების, დროებითი ბინადრობის ნებართვის ან ორმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული საპატიო მიზეზების საფუძველზე.

19 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ნიდერლანდების საელჩოს 14 თანამშრომელი და სანკტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ ქვეყანა 14 დღის ვადაში უნდა დატოვონ. ეს იყო პასუხი ჰააგის სასამართლოს 29 მარტის გადაწყვეტილებაზე, 17 რუსი დიპლომატის ნიდერლანდებიდან გაძევების შესახებ.

ამჟამად ნიდერლანდებში შესასვლელად საჭირო არის შენგენის ვიზა, WHO-ს ან EMA-ს მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი არარუსული პრეპარატით სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი ან დაავადების გადატანის ევროპული სერტიფიკატი, ასევე, დაზღვევა COVID-19-ის მკურნალობაზე და შევსებული ჯანმრთელობის დეკლარაცია.

რუსეთიდან პირდაპირი ფრენები არ არის და ქვეყანაში ჩაფრენა რუსებს მხოლოდ უცხოური ავიახაზების ლაინერებით, სტამბოლში ტრანსფერით შეუძლიათ. ბილეთის ფასი ერთ ადამიანზე ერთი მიმართულებით 30 ათასი რუბლიდან (400 დოლარიდან) იწყება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ