გიორგი აბაშიშვილი: მთავრობის თუ ეროვნული ბანკის ქმედებები მეტად ეფექტური რომ იყოს, პროგნოზირების უკეთესი სისტემის შექმნაა საჭირო

იმისთვის, რომ ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად მთავრობისა თუ ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული ქმედებები მეტად ეფექტური იყოს, ჩვენ ეკონომიკური პროგნოზირების უკეთესი სისტემა გვესაჭიროება.

ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტურობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა იმ კონტექსტში, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდისა და რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარის გაყიდვის მიუხედავად, დოლართან მიმართებაში ლარი გაუფასურებას განაგრძობს.

მისივე განმარტებით, ეკონომიკური პროგნოზირების უკეთესი სისტემის შექმნა აუცილებელია, რათა მომავალში მთავრობისა თუ ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ამა თუ იმ გადაწყვეტილების ეფექტურობასთან დაკავშირებით კითხვები არ დაისვას.

"როდესაც მთავრობის თუ ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება გარკვეული გადაწყვეტილების მიღება ლარის კურსის სტაბილიზაციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ ქმედებები მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებაში უფრო ზუსტ პროგნოზს ემყარებოდეს, ვინაიდან მომავალში არ დაისვას საკითხი მთავრობისა თუ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ არაეფექტურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. თუ კეთდება პროგნოზი, რომ ჩარევა შეაჩერებს კურსის ვარდნას და ჩარევა ხდება, მაშინ გაუფასურება უნდა შეჩერდეს. უფრო მეტად ეფექტური პროგნოზის გასაკეთებლად პროგნოზირების უკეთესი სისტემის შექმნა გვესაჭიროება", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით გასულ კვირას რეფინანსირების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე სავალუტო აუქციონზე რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა აღნიშნული ჩარევის შედეგად ლარი მხოლოდ რამდენიმე დღით და უმნიშვნელოდ გამყარდა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ვალუტა კვლავ უფასურდება. ამ დროისთვის დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.0512 ლარს შეადგენს.