კიდევ მინუს სამი - ფრანგულ რივიერაზე ვილების გარეშე ამჟამად დერიპასკა, ბაჟაევი და შამალოვი დატოვეს

საფრანგეთის ხელისუფლებამ სანქცირებული რუსი ბიზნესმენების სამი ვილა დააპატიმრა. ორი მათგანი ოლეგ დერიპასკასა და მუსა ბაჟაევს ეკუთვნის, მესამის მფლობელი კი კირილ შამალოვია.

ადგილობრივი გამოცემა Nice-Matin-ის ცნობით, UC Rusal-ის დამფუძნებლის, ოლეგ დერიპასკას და „რუსული პლატინის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მუსა ბაჟაევის ვილები საფრანგეთის ე.წ. ლაჟვარდოვან სანაპიროზე (Côte d'Azur-ზე), სენტ-ტროპესთან და სენ-ჟან-კაპ-ფერატის კომუნასთან მდებარეობს, ხოლო „სიბურის“ აქციონერ შამალოვის ვილა ბიარიცის მახლობლად არის განლაგებული.

The Wall Street Journal-ის მონაცემებით, საფრანგეთის ხელისუფლებამ მთლიანობაში სანქცირებულ რუს ბიზნესმენებთა უძრავი ქონების 40-ზე მეტი ობიექტი გაყინა. მათ შორის არის რომან აბრამოვიჩის ვილა „შატო დე ლა კრუა“ იმავე საფრანგეთის რივიერაზე.

The Daily Mail-ის ცნობით, სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს 25 მლრდ ევროზე მეტი ღირებულების ქონების 33 ობიექტი ჩამოერთვა. მათ შორის არის სახლები, თვითმფრინავები, იახტები და ვერტმფრენები, საიდანაც თორმეტი, გამოცემის მტკიცებით, რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის. აბრამოვიჩის ვილა რივიერაზე 120 მლნ დოლარად არის შეფასებული. იმავე საფრანგეთის რივიერაზე, Forbes USA-ს ცნობით, რუსი ბიზნესმენის, გენადი ტიმჩენკოს მეუღლის ორი სასტუმროც დააპატიმრეს.

11 აპრილიდან ევროკავშირმა ოპერაცია „ოსკარი“ დაიწყო, რომელიც სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ აქტივებს ავლენს. გამოძიებას „ევროპოლი,“ ასევე, იუსტიციის ორგანოთა თანამშრომლობის ევროპული სააგენტო და ევროკავშირის საგარეო საზღვრების უსაფრთხოების სააგენტო Frontex აწარმოებენ.

თავის მხრივ, აშშ-ს ხაზინამ დაიწყო პროგრამა, Kleptocracy Asset Recovery Rewards, რომელიც იმ პირთა დაჯილდოვებას ითვალისწინებს, ვინც უწყებას „კლეპტოკრატიის" აქტივების დაპატიმრება-კონფისკაციაში დაეხმარება. ჯილდოს ოდენობა 5 მლნ დოლარამდე შეადგენს. ასევე, რუსი მილიარდერების აქტივებსა და მათ შორის, ხელოვნების კოლექციებს სპეციალურად შექმნილი საერთაშორისო ჯგუფი, REPO (Russian Elites, Proxies, Oligarchs) იძიებს. მასში მონაწილეობენ აშშ-ის გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და კანადის ხაზინის მდივნები, ჯანეტ იელენი, ბრუნო ლე მერი, კრისტიან ლინდნერი, დანიელე ფრანკო და ხრისტა ფრილანდი, ასევე, ევროკავშირის იუსტიციის კომისარი, დიდიე რეინდერსი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ