რატომ იზრდება საპროცენტო განაკვეთები მთელ მსოფლიოში

გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით დოლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. 2021 წლის იანვართან შედარებით, საქართველოში ფიზიკურ პირებზე გაცემულ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია 0,9 პროცენტული პუნქტით, სამომხმარებლო სესხებზე - 0,8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სულ საცალო სესხებზე - 0,7 პროცენტული პუნქტით.

2022 წლის დასაწყისიდან, ინფლაციასთან ბრძოლისთვის დასავლურმა ცენტრალურმა ბანკებმა რამდენჯერმე გაზარდეს რეფინანსირების განაკვეთი.

მიზეზები, რის გამოც დოლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი იზრდება:

  • რუსეთ-უკრაინის ომმა საერთაშორისო სასაქონლო ბაზარზე ნავთობის, საკვები პროდუქტებისა და სხვა სასაქონლო ჯგუფების დეფიციტის რისკები გააჩინა, რაც სამომხმარებლო ფასებზე დამატებითი წნეხი აღმოჩნდა. შედეგად, აშშ-ში, ევროზონასა და დიდ ბრიტანეთში, მიმდინარე წლის თებერვლის მდგომარეობით, სამომხმარებლო ფასების ბოლო ორი ათწლეულის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
  • ინფლაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი საპროცენტო განაკვეთების ზრდაა. ცენტრალური ბანკის მიერ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი ეკონომიკაში მოთხოვნას ამცირებს და ამ გზით ფასების დასტაბილურებას უზრუნველყოფს.
  • ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ სამომხმარებლო დანახარჯები გაიზარდა, რამაც ფასებზე დამატებითი ზეწოლა შექმნა.
  • რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და რატომ იზრდება კომერციულ ბანკებში დოლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი?

საქართველოში, ისევე როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში, მოქმედი ფინანსური ინსტიტუტები უცხოური ვალუტის ფინანსურ რესურსს ძირითადად საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან იზიდავენ. აღნიშნულ ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთებს განსაზღვრავს როგორც შესაბამისი ვალუტების მიმდინარე და მოსალოდნელი განაკვეთები, ასევე მსესხებელთან დაკავშირებული რისკები. ვინაიდან მიმდინარე პერიოდში გაზრდილია როგორც მიმდინარე და მოსალოდნელი განაკვეთები, ასევე რეგიონის რისკები, უცხოური ვალუტის ფინანსური რესურსის მოზიდვა ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს მნიშვნელოვნად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების ფასად უწევთ. შესაბამისად, აღნიშნული ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზე უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტებისა და გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებშიც აისახება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ადასტურებს, რომ ქართულ კომერციულ ბანკებს გაუძვირდათ უცხოურ ვალუტაში მოძიებული სახსრები და ამასთან, რეგიონული რისკები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც საბოლოოდ, დოლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთზე აისახება.

„მსოფლიოში თითქმის ყველგან და განსაკუთრებით აშშ-ში, რომელიც დოლარის საშუალო საპროცენტო განაკვეთებს განსაზღვრავს, ინფლაციის გამო სესხები ძვირდება. თავისთავად ამან გამოიწვია ის, რომ ქართულ ბანკებს გაუძვირდათ უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრები და ასევე, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი რეგიონული რისკები, რაც უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ და დაწესებულ სანქციებს. სამწუხაროდ, გვინდა თუ არა, ისეთ რეგიონში გვიწევს ცხოვრება, სადაც რუსეთია მეზობელი და სადაც უსაფრთხოების რისკები ყოველდღიურად იზრდება. რისკების ზრდა კი სამწუხაროდ, იწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც,“ - განმარტა გიორგი კეპულაძემ.