ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დღეს დაიწყება და 23 თებერვალს დასრულდება. თბილისის მერის განცხადებით, ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციით წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოიხსნება. "ხიდს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, რაც გაზრდის მისი ექსპლუატაციის ვადას, ხიდზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება როგორც ავტომობილებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის", - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, ხიდი შესაბამისობაში უნდა იყოს ქალაქის ისტორიულ ნაწილთან, ამიტომ, მოაჯირის განახლება საზოგადოების ჩართულობით მოხდება. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის თქმით, ტენდერი ითვალისწინებს ბარათაშვილის სავალი და საფეხმავლო ნაწილის შეცვლას, ასევე მიწისქვეშა გადასასვლელების სრულ რებილიტაციას.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 250 000 ლარია გამოყოფილი. პროექტის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, ხელახლა გაკეთდება ჰიდროიზოლაცია, მოეწყობა ახალი ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები. ბარათაშვილის ხიდის კვლევა-გამოცდა 2013 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულმა ხიდსაცდელმა ცენტრმა ჩაატარა. ნაგებობის გამოცდის შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია (ბურჯები და მალის ნაშენი) კარგ მდგომარეობაშია, შესაცვლელია ნაგებობის სავალი ნაწილი, ჰიდროიზოლაცია, ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

დღეს არსებული ბარათაშვილის ხიდი 1960-იან წლებში აშენდა. ნაგებობამ მანამდე არსებული რკინის კონსტრუქცია ჩაანაცვლა. ხელახალი აშენების შემდეგ, მისი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.