საწვავის გაიაფება დასრულდა, შეიძლება გაძვირებაც დაიწყოს

ლარის მკვეთრი გაუფასურებისა და მსოფლიოში ”შავი ოქროს” გაძვირების გამო იმპორტიორებისთვის ყველაფერი უცებ შეიცვალა.

ლარის სწრაფმა გაუფასურებამ და მსოფლიოში ნავთობის გაძვირებამ საქართველოში საწვავის გაიაფების პროცესი შეაჩერა. ამ დროისთვის 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,36 ლარია. ჯერჯერობით ნავთობიმპორტიორებს გაძვირებული საწვავი არ შემოუტანიათ.

17 თებერვლის ”პლატცის” მიხედვით, ბენზინის საერთაშორისო ღირებულება 588 დოლარია. ვალუტის კურსზე გაანგარიშებით (2,07 ლარი) 1 ტონა ბენზინის ფასი 1217 ლარია, რასაც ემატება დღგ - 219 ლარი, აქციზი - 250 ლარი, ტრანსპორტირება 90 ლარი და საბოლოო ჯამში კომპანიებს 1 ტონა ბენზინის შესყიდვისას 1776 ლარის ხარჯის გაწევა უწევთ. თუ ამ მაჩვენებელს 1300 ლიტრზე გავყოფთ, (1 ტონა ბენზინის მოცულობა) 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,36 ლარია.

ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ”რეგულარის” ტიპის ბენზინის ფასი 1,59 ლარიდან 1,63 ლარამდე მერყეობს. არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში კი 1 ლიტრი 1,4-1,45 ლარი ღირს.

”ლუკოილის” გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე ”რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ნავთობის გაძვირებამ და ლარის გაუფასურებამ საქართველოში საწვავის გაიაფება შეაჩერა. უფრო მეტიც, თუკი აღნიშნული პროცესი გაგრძელდება, ნავთობიმპორტიორები, შესაძლოა, საწვავის გაძვირებაზეც დაფიქრდნენ. ჯერჯერობით ამის საფუძველი არ არსებობს.

”უახლოესი დღეების განმავლობაში ფასის კორექტირებას არ ვგეგმავთ, თუმცა არ მგონია, ვინმესთვის საიდუმლოს წარმოადგენდეს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება და ეროვნული ვალუტის კურსი ის ორი კომპონენტია, რომლითაც განისაზღვრება საწვავის ფასი ისეთი ტიპის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. ჩვენ მთლიანად საწვავის იმპორტზე ვართ დამოკიდებულნი. ამ დროს ნავთობი ძვირდება, ხოლო ეროვნული ვალუტა - უფასურდება. ჯერჯერობით დაგეგმილი არაფერი გვაქვს. დაველოდებით მოვლენების განვითარებას, ახალი ტვირთის ღირებულებას”,- ამბობს შავლეგ მიშველაძე და დასძენს, რომ კომპანია საწვავის გაძვირების გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიიღებს. ”მივესალმებით იმ ფასს, რაც არის. თუკი შესაძლებლობა იქნება, კიდევ სიხარულით დავაკლებთ, თუმცა ნავთობის გაძვირებისა და კურსის ვარდნის პირობებში გაიაფების პროცესი შეჩერდა”, - ამბობს შავლეგ მიშველაძე.

კომპანია ”სენტას” დამფუძნებლის ზაალ იაკობიძის განცხადებით, ეროვნული ვალუტისა და ნავთობის გაძვირების გამო საქართველოს სანავთობო ბაზარზე გაურკვეველი ვითარება შეიქმნა. იაკობიძის ინფორმაციით, საბითუმო ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა, რაც ფასზეც აისახა. ”სამწუხაროა, რომ მსოფლიოში ნავთობი ისევ გაძვირებისკენ წავიდა, ამას ემატება ლარის გაუფასურებაც და საწვავის ფასთან დაკავშირებით ცოტა გაურკვევლობა შეიქმნა”, - ამბობს ზაალ იაკობიძე.

ამ დროისთვის 1 ბარელი ”ბრენტის” ტიპის ნავთობის ღირებულება 62 დოლარს გადასცდა, ოპეკის ფასი კი 57 დოლარამდეა. ამ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა არ მოხდება და 1 ბარელი ”შავი ოქროს” ღირებულება 100 დოლარს 5 წელიწადში მიაღწევს.

უცხოელი სპეციალისტების განცხადებით, ნედლი ნავთობის გაძვირება გამოიწვია იმან, რომ ფიქალის ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა, გარდა ამისა, ინვესტორებმა ამ სექტორში კაპიტალის დაბანდება შეაჩერეს. გამოდის, რომ ნავთობის გაიაფებით საუდის არაბეთის მთავარი მიზანი გარკვეულწილად მიღწეულია. გარდა ამისა, ნავთობის ფასზე გავლენა ლიბიიდან მიღებულმა ინფორმაციამაც მოახდინა. ლიბიის ეროვნული სანავთობო კორპორაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სამხედრო კონფლიქტის გამო ლიბიამ შეიძლება ნავთობის მოპოვება მთლიანად შეწყვიტოს. კორპორაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ნავთობის საბადოებზე მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა. აქედან გამომდინარე, ყველა საბადოზე საქმიანობა შეწყდება.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”