"ახმეტელის" მეტროსთან 160 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა

თბილისში, "ახმეტელის" მეტროსთან ორდონიანი, 160 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოები ამ ტერიტორიაზე 2015 წლის სექტემბრამდე დამთავრდება. ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, არსებული სირთულეების გამო, კომპანიას, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებს, ვადა 2015 წლის სექტემბრამდე გადაეწია.

"ყურადსაღებია, რომ პროექტის განხორციელება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მეტროს მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ დატვირთულია, ასევე რიგი ქონებრივი საკითხები იყო მოსაგვარებელი. ეს საკითხები მოგვარდა. კომპანია ითხოვდა პროექტის დასრულების ვადის გადაწევას, ამ საკითხებიდან გამომდინარე. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით, კომპანიას სამუშაოების განხორციელების დასრულების ვადად განესაზღვრება 2015 წლის სექტემბერი. რის შემდეგაც თბილისში, ახმეტელის თეატრთან გვექნება ორდონიანი, 160 მანქანაზე გათვლილი პარკინგი,"- განაცხადა თბილისი მერმა.