10 რამ, რაც „99 ფრანკმა“ მარკეტერებს გვასწავლა

პროფესიონალი მარკეტერი და კომუნიზმის მგზნებარე მხარდამჭერი, ფილოსოფოსი ფრედერიკ ბეგბედერი თანამედროვე, ფრანგული პროზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. ცნობილი ფრანგი მწერალი 3-6 მაისს საქართველოს ეწვევა და 4 მაისს, 19:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მკითხველთან შეხვედრას გამართავს.

მანამდე კი გადავწყვიტეთ გაგვეხსენებინა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი „99 ფრანკი“, რომელიც დაუნდობლად ამხელს მარკეტინგის სამყაროსა და მასში დასაქმებულ ადამიანებს.

ბეგბედერის რომანი პროვოკაციულია, დაწერილი დიდი სულისკვეთებით და სავსეა საკამათო ფრაზებით. თავის დროზე წიგნი ლიტერატურული სეზონის ნამდვილ მოვლენად იქცა და მისი ავტორი სარეკლამო სააგენტოდან წიგნის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს.

სარეკლამო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიებში თავის დამკვიდრება სურთ, ავტორმა 10 საუკეთესო რჩევა მოუმზადა, რომლებიც, მისი აზრით, ყველა მარკეტერმა უნდა გაითვალისწინოს:

1. პირველი იდეა საუკეთესოა, მაგრამ დაჟინებით უნდა მოითხოვოთ, რომ პრეზენტაციის გაკეთებამდე 3 კვირა მაინც გჭირდებათ. დროს, რომელიც თავისუფალი დაგრჩებათ, პრეზენტაციის ვიზუალურ ნაწილსა და პირველადი იდეის დასახვეწად ან უბრალოდ დასასვენებლად გამოიყენებთ.

2. მარკეტინგი ერთადერთი სფეროა, სადაც ფულს საქმის ცუდად გაკეთებაში გიხდიან. როდესაც კლიენტს ბრწყინვალე იდეას წარუდგენთ და მათ ცვლილებების შეტანა სურთ, გააკეთეთ ის, რასაც ითხოვენ, შემდეგ გაემგზავრეთ მაიამიში და ერთი კვირა სასიამოვნოდ გაატარეთ.

3. კარგი ქოფირაითერი კამპანიას გათვლის 20 ან ნაკლებ ადამიანზე, რომლებმაც ის დაასაქმეს და არა მომავალ კლიენტებზე, რომლების ხარჯზეც კომპანიამ მოგება უნდა ნახოს. გახსოვდეთ, მთავარია იდეა მოეწონოს დამკვეთს და არა სამიზნე აუდიტორიას.

4. შეხვედრებზე ყოველთვის გვიან მიდიხართ. მარკეტერი, რომელიც არ აგვიანებს, მაშინვე კარგავს სანდოობას. გახსოვდეთ, რომ დაკვეთები თანხას გიხდიან, რადგან მათ არ აქვთ საკუთარი იდეები და ბრაზდებიან, როდესაც თქვენ მარტივად ახერხებთ კამპანიების დაგეგმვას.

5. თუ არაფერი მოგიფიქრებიათ, იყავით უკანასკნელი ადამიანი, ვინც ისაუბრებს და მოისმინეთ ყველა დანარჩენის იდეა. ნებისმიერ შეხვედრაზე ყოველთვის ბოლო ადამიანი არის მართალი. განსხვავება უფროსსა და უმცროსს შორის მხოლოდ ის არის, რომ უფროსი მეტ ანაზღაურებას იღებს, მეტი ადამიანი უსმენს და ნაკლებ სამუშაოს ასრულებს.

6. მიბრძანდით სამსახურში შუადღეს, არასდროს მიესალმოთ თანამშრომლებს და თუ ვინმე რაიმეს გკითხავთ, უპასუხეთ, რომ მარკეტერები ბოლო ვადის მიხედვით მუშაობენ და არა გრაფიკის.

7. არასოდეს ჰკითხოთ სხვებს აზრი თქვენი კამპანიის შესახებ. მხოლოდ თქვენ იცით რა დაგეგმეთ, რა გსურთ და როგორ იქნება უკეთესი.

8. ყველა ადამიანი აკეთებს მასზე ზემდგომის საქმეს, უფროსის მოადგილე ასრულებს უფროსის საქმეს, თუმცა, სანაცვლოდ გაცილებით ნაკლებ თანხას და დაფასებას იღებს.

9. როდესაც კოლეგები კარგ რეკლამას გიგზავნიან, არასდროს აჩვენოთ მათ, რომ იდეა მოგეწონათ. შეაფასეთ და ეცადეთ, მასზე დაყრდნობით რაიმე უკეთესი შექმნათ.

10. დაუშვით შეცდომები, მხოლოდ ამ გზით შეძლებთ უფრო კარგად მუშაობას, განვითარებას და საკუთარი ცოდნით ვაჭრობას.

ბეგბედერის რჩევები რამდენადაც სატირულად ჟღერს, იმდენად ახლოს არის რეალობასთან. გავითვალისწინებთ თუ არა მათ, მხოლოდ მარკეტერებზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს მეუღლესთან ერთად 4-დღიანი ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა მკითხველებთან, მწერლებთან, ტური კახეთში, სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობა და ძალიან ბევრი ავტოგრაფის გაცემა. ის ქართველ მკითხველს ახალ წიგნს „დამბა ატლანტიკის პირისპირ“ წარუდგენს. მკითხველთან შეხვედრა 4 მაისს, 19:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგება.