როგორ მოიპოვეს რუსმა ოლიგარქებმა მილიარდები და ვინ არიან მათ შორის ყველაზე მდიდრები

Forbes-ის მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, რუსეთში 83 მილიარდერია, რომელთაგან 68 ოლიგარქია. მათი საერთო ქონება დაახლოებით 320 მილიარდი დოლარის ღირებულების არის.

რუსი ოლიგარქების უმეტესმა ნაწილმა ქონება ქვეყნის ბუნებრივი რესურსების, ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, საბანკო საქმეების და უძრავი ქონების სფეროში მოღვაწეობით გამოიმუშავეს.

როგორ გაჩნდა რუსული ოლიგარქია?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში ცვლილებები დაიწყო, მოხდა მასშტაბური პრივატიზაცია, რამაც კონკრეტული ადამიანები გაამდიდრა.

პირველი ნაბიჯი იყო პრივატიზაციის ვაუჩერების გაცემა, რომლებიც რუსებს ვაჭრობის საშუალებად უნდა გამოეყენებინათ. ამ გზით რუსეთის ახალ მთავრობას სურდა თავისი აქტივების საზოგადოებისთვის მიყიდვა. ისინი მიზნად ისახავდნენ სახელმწიფო ბიზნესის გადაქცევას მოგების მაძიებელ ბიზნესად. ქონების სწრაფად განაწილებისთვის მთავრობამ გადაწყვიტა ვაუჩერული პრივატიზაცია განეხორციელებინა. ეგონათ, ხალხი სახელმწიფო საწარმოების წილებს იყიდდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა. სამაგიეროდ, პირთა მცირე ჯგუფმა აიღო კონტროლი პრივატიზებულ საწარმოებზე.

ამ ჯგუფს შორის იყვნენ ქარხნების ყოფილი დირექტორები, რომლებიც საბოლოოდ გახდნენ ქარხნების მფლობელები, საბჭოთა ელიტები, რომლებმაც საკუთარი პოზიციები თავიანთი კონტროლირებადი ინდუსტრიების პრივატიზებისთვის გამოიყენეს. ბოლო ჯგუფი კი აღმოჩნდნენ ისინი, ვინც საბჭოთა პერიოდში ბუნებრივი აირის წარმოებას აკონტროლებდა. სხვათა შორის, ისინი მოგვიანებით მართავდნენ “გაზპრომს“ - ცნობილ რუსული ბუნებრივი გაზის კომპანიას, რომელიც დღეს ევროპის ნაწილს გაზს აწვდის. უკანასკნელი ჯგუფი გახდა უმდიდრესი, რადგან მათ შეიძინეს ნაღდი ფული და მართეს ფინანსური ნაკადი იმ ბანკების მეშვეობით, რომლებსაც თავად ფლობდნენ.

კიდევ ერთი მოვლენა, რომელმაც რუს ოლიგარქებს იღბალი მოუტანა, იყო სესხები აქციებისთვის. აი, როგორ განმარტავს ამას npr.org: „უმდიდრესმა ოლიგარქებმა მთავრობას მილიარდობით დოლარის სესხი მისცეს რუსეთის ყველაზე ღირებული სახელმწიფო საწარმოების მასიური წილების სანაცვლოდ“. ასე რომ, როდესაც მთავრობამ სესხები ვერ დაფარა, კორპორაციები ოლიგარქების კუთვნილებად დარჩა. შედეგად, ოლიგარქებმა 90-იან წლებში თორმეტი რუსეთის უმსხვილესი სამრეწველო საწარმო დაბალ ფასებში მიიღეს.

ამის შემდეგ ოლიგარქებმა ჭკვიანურად განავითარეს თავიანთი საწარმოები მაქსიმალური მოგების მისაღებად.

წარმოგიდგენთ ოლიგარქების მფლობელობაში მყოფ უმსხვილეს კომპანიებს:

Norilsk Nickel (ნორილსკის ნიკელი) - 17,85 მილიარდი დოლარი

კომპანია არის ნიკელისა და პალადიუმის ნომერ პირველი მწარმოებელი გლობალურად. გარდა ამისა, იგი აწარმოებს პლატინას, როდიუმს, კობალტს და სპილენძს. ნორილსკ-ნიკელი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული დამაბინძურებელი რუსეთში. შესაბამისად, ქალაქი ნორილსკი რუსეთის ყველაზე დაბინძურებული ქალაქია.

კომპანიის რეზიდენტი ვლადიმერ პოტანინი მეორე უმდიდრესი ადამიანია რუსეთში, რომლის ქონება 2022 წლისთვის 27 მილიარდი დოლარია.

პოტანინი ფლობს Interros-ს, რუსულ კონგლომერატს, რომელიც სუბსიდირებს Nornikel-ს და ორ სხვა ბიზნესს: Rosa Khutor Ski Resort და NPO Petrovax Pharm. ის არ არის კომპანიის ერთადერთი აქციონერი (ფლობს მხოლოდ 35%). მეორე არის ოლეგ დერიპასკა - რუსი მილიარდერი, რომელიც კომპანიის 27%-ს იზიარებს. ის ფლობს რამდენიმე კომპანიას: RUSAL (ალუმინის კომპანია), Volnoe Delo Foundation და Basic Element.

NLMK Group - 16,2 მილიარდი დოლარი

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელი კომპანია NLMK ან Novolipetsk Steel აწარმოებს ნახევრად მზა ფოლადს, ბრტყელ ფოლადს და ელექტრო ფოლადს. მისი თავმჯდომარე ვლადიმერ ლისინი, რომელიც ოდესღაც ციმბირის ქვანახშირის მაღაროში ელექტრომომწყობი იყო, არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი რუსეთში. იგი 24,4 მილიარდ დოლარს ფლობს.

NLMK Group არის 22-ე უდიდესი ფოლადის მწარმოებელი მსოფლიოში.

Severstal (სევერსტალი) - 11,6 მილიარდი დოლარი

ეს კომპანია მუშაობს ფოლადის და სამთო მრეწველობაში. 2018 წელს Severstal შეუერთდა გაეროს გლობალურ კომპაქტს. მფლობელის - ალექსეი მორდაშოვის ქონება 19,5 მილიარდი დოლარია.

მორდაშოვი ფლობდა ასევე სხვადასხვა მსხვილ კომპანიას და მაინინგის წილებს, თუმცა კომპანიების საკუთრება მან მიმდინარე მოვლენების გამო მეუღლეს გადასცა.

Lukoil - 6,9 მილიარდი დოლარი

სიდიდით მეორე კომპანია რუსეთში, Lukoil არის ერთ-ერთი უდიდესი ნედლი ნავთობის მწარმოებელი მსოფლიოში. ის მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის 2%-ს აწარმოებს.

ლუკოილის დამფუძნებელი ვაგიტ ალეკპეროვი, რომლის ქონება 21 მილიარდ დოლარზე მეტია, 1990 წლიდან 1991 წლამდე იყო კასპიის ზღვის ნავთობის პლატფორმის თანამშრომელი და შემდეგ სსრკ ნავთობისა და გაზის მინისტრის მოადგილე.

NOVATEK - 5,8 მილიარდი დოლარი

ბუნებრივი აირის სიდიდით მეორე მწარმოებელი მსოფლიოში ლეონიდ მიხელსონმა დააარსა, რომელიც დღეს 22,7 მილიარდ დოლარს ფლობს.

იგი გენადი ტიმჩენკოსთან ერთად მართავს Novatek-ს, ხოლო ორივეს აქვს წილები ნავთობქიმიურ მწარმოებელ Sibur Holding-ში.

საინტერესოა, რომ მიხელსონმა კარიერა დაიწყო, როგორც სამშენებლო ოსტატი რუსეთში, ტიუმენში და მუშაობდა გაზსადენზე. დღეს ის ასევე მართავს ხელოვნების ფონდს, რომელიც დაკავშირებულია ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმთან და დიდი ბრიტანეთის ტეიტის მუზეუმებთან.

რაც შეეხება ტიმჩენკოს, ის ფლობს კერძო საინვესტიციო ჯგუფს Volga Group. 1990-იან წლებში ის ხელმძღვანელობდა ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფო კომპანია Gunvor-ს.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი