ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ელექტრონული ვიზის შესახებ ინფორმაციას ეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ელექტრონული ვიზის შესახებ ინფორმაციას აწვდის.

შეხვედრა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ტურიზმის სფეროში დასაქმებულ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს ელექტრონული ვიზის პრეზენტაციას წარმოუდგენს. "ელექტრონული ვიზა საშუალებას გვაძლევს, ვიზა ელექტორნული ფორმატით მივიღოთ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მომავალ ტურისტებს საშუალება ექნებათ საკონსულოში ფიზიკურად გამოცხადების გარეშე საქართველოში შემოსვლის მოკლევადიანი ვიზა მიიღონ, რაც რა თქმა უნდა, დაეხმარება ტურისტების რაოდენობის ზრდას განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც სავიზო რეგულაციები 2014 წელს გამკაცრებული იყო", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას ელექტრონული ვიზების შესახებ და აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდება, როგორც ადგილობრივ, ისე სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ტურისტულ კომპანიებს.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის საკონსულო დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტაბატაძემაც, რომელმაც ელექტრონული ვიზის პორტალის შესახებ ისაუბრა. "ჩვენ ავამოქმედეთ ელექტრონული ვიზების პორტალი, რომელიც უცხოელებს საშუალებას აძლევს, რომ ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ელექტორნული ვიზა მიიღოს. ეს სისტემა ძალიან მარტივი და მოსახერხებელია და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელია სავიზო განაცხადის გაკეთება. სისტემა ემსახურება იმას, რომ ტურისტულ ნაკადებს შევუწყოთ ხელი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ვიზა და საქართველოში გამოემგზავროს", - აღნიშნა ტაბატაძემ.

ელექტრონული ვიზის პორტალი 2015 წლის 10 თებერვლიდან ამოქმედდა.