შრომის ნორმების შესრულების ზედამხედველობის მიზნით, ახალი უწყება შეიქმნება

შრომის ნორმების შესრულების ზედამხედველობის მიზნით, შრომის ინსპექცია შეიქმნება.

შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრი დავით სერგეენკო, პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში შრომის უსაფრთხოების მხრივ ნამდვილად არ იყო სახარბიელო მდგომარეობა. მისივე თქმით, რამდენიმე თვე დაიხარჯა ოპტიმალური მოდელის შემუშავებისათვის. მინისტრის განცხადებით, კომპლექსური სამსახური არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ ხელშეკრულების დარღვევის, შრომითი ექსპლუატაციის მიმართულების კონტროლითაც იმუშავებს.

დავით სერგეენკოს განცხადებით, წარმოდგენილი ფორმატი შეთანხმებული და გააზრებული იქნება სამმხრივი კომისიის ფარგლებში, მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემთხვევაში კი შეიქმნება სიპი, იურიდიული ერთეული, რომლის თანამშრომლებსაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები მოამზადებენ, პროექტი კი ნაბიჯ-ნაბიჯ წლის განმავლობაში ამუშავდება.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი ტექნიკური მრჩეველის ჟოლტ დუდასის შეფასებით, წარმოდგენილი დოკუმენტი საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურება. მან შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

პროგრამის ფარგლებში მოხდება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და გადასინჯვა. გარდა ამისა, პროგრამა გამოიკვლევს და შეისწავლის შრომის ბაზარზე შრომის პირობების შესახებ არსებულ რეალურ მდგომარეობას.