სემეკი ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების რაოდენობა 3-ჯერაა გაზრდილი.

სემეკის ინფორმაციით, 2014 წლის 5 ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა გაზიფიცირებულ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების 400 ლარიანი საფასური, გაზგამანაწილებელ კომპანიებში მოქალაქეთა მიმართვიანობა გაზრდილია. მათივე ცნობით, 2014 წლის 5 ნოემბრიდან 2015 წლის 25 იანვრამდე პერიოდში ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებით შპს "ყაზტრანსგაზ თბილისში", შპს "სოკარ ჯორჯია გაზსა" და სს "საქორგგაზში" სულ 15585 განცხადება შევიდა. აქედან, 400 ლარიან პაკეტთან დაკავშირებით 14 955 განცხადება დაფიქსირდა. კერძოდ, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ქსელზე მიერთების მოთხოვნით შპს "ყაზტრანსგაზ თბილისს" მიმართა 4080-მა, შპს "სოკარ ჯორჯია გაზს" – 8781-მა, ხოლო სს "საქორგაზს" – 2094-მა მოქალაქემ.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების სტატისტიკას, ამ მიმართულებით 2014 წლის 5 ნოემბრიდან 2015 წლის 25 იანვრამდე პერიოდში შპს "ყაზტრანსგაზ თბილისს" მიმართა 250-მა მოქალაქემ, შპს "სოკარ ჯორჯია გაზს" – 290-მა მოქალაქემ, ხოლო სს "საქორგგაზს" – 90-მა მოქალაქემ.

როგორც სემეკ-ში განმარტავენ, ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირებასთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოქალაქეებისათვის გამარტივებული პროცედურები შეიმუშავა. კერძოდ, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის განისაზღვრა ქსელზე მიერთების ვადები და პროცედურები, კომპანიისა და მომხმარებლების ვალდებულებები. კომპანიის მხრიდან ქსელზე მიერთების ვადების დარღვევის შემთხვევაში ამოქმედდა კომპენსირება რაც გულისხმობს იმას, რომ, თუ კომპანიამ არ განახორციელა ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება განსაზღვრულ ვადებში (0–6 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე მიერთების ვადა განისაზღვრება 40 სამუშაო დღით), ასეთ შემთხვევაში მიერთების საფასური ნახევრდება.

სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ თუ ენერგო და წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან მოხდება მათი უფლებების დარღვევა, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. ასევე, კონსულტაციების მიღება შეუძლიათ ტელეფონის ნომერზე 2420180 ან სემეკის ოფიციალურ Facebook გვერდზე.