სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და არ დასრულებულა, სახელმწიფო ვალდებულებებისგან თავისუფლდებიან

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებისგან თავისუფლდებიან.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის შეფასებით, სამშენებლო კომპანიების მიერ სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ვალდებულებები კომპანიებს დღემდე მძიმე ტვირთად აწვება, რაც აღნიშნული დარგის განვითარებას აფერხებს.

"საბანკო დაკრედიტების გამკაცრებამ და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებამ ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა სამშენებლო დარგს და შედეგად კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ დაუგროვდათ მნიშვნელოვანი ვალდებულებები, რაც მათ დღემდე ძალიან მძიმე ტვირთად აწვება. ეს ბუნებრივია, ხელს უშლის ამ დარგის განვითარებას. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობაც დაიწყო 2008 წლის აგვისტომდე და დღემდე არ დასრულებულა, გავათავისუფლოთ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან, მათ შორის დღგ-ს გადასახადისგან და K2 მოსაკრებლის გადასახადისგან", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამშენებლო სექტორის გამოცოცხლებას, მის შემდგომ განვითარებას და ამ დარგისგან დადებითი ეფექტების სხვა სფეროებზე გადაცემას. "ამ პროექტის არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტი იქნება შეჩერებული მშენებლობების დასრულების შედეგად ქალაქის იერსახის გაუმჯობესებაც. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ქალაქის მერიასთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.