რომან გოცირიძე: ლარის დევალვაციის პროცესს მთავრობა გულუბრყვილოდ აღიქვამს

მთავრობა გულუბრყვილოდ აღიქვამს ლარის დევალვაციის პროცესს და მოსალოდნელ შედეგებს სწორად ვერ აფასებს.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ლარის კურსის გაუფასურების პროცესის შეფასებისას განაცხადა. "ბევრჯერ ითქვა, რომ ლარის დევალვაციის თავიდან აცილება მხოლოდ ეროვნული ბანკის ძალისხმევით შეუძლებელია. მარტო ექსპორტის კლებისა და გადმორიცხვების შემცირების შედეგად მხოლოდ იანვარში წარმოქმნილი ვალუტის დანაკლისის დასაბალანსებლად ას მილიონ დოლარზე მეტი გახდებოდა საჭირო, რომ არაფერი ვთქვათ ტურიზმისა და ვალუტის შემომტანი სხვა დარგების მუშაობის გაუარესებაზე. არა და წინ მრავალი თვეა და არც ეროვნული ბანკის რეზერვებია ულევი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელები ჩამოუშვას და თუნდაც იშვიათ ინტერვენციებს არ მიმართოს", - განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძის აზრით, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ "მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანას მოქნილობა დააკარგვინა და გარე შოკებისაგან დაუცველი გახადა". "ე.წ. საგარეო ფაქტორები მეტნაკლები ძალით ყოველთვის მოქმედებენ, მაგრამ სწორი სტრუქტურული ცვლილებები, ინსტიტუციონალური რეფორმები და ჯანსაღი ბიუჯეტი ქმნიან იმის წინაპირობას, რომ ამ ფაქტორების ზემოქმედება ნაკლებად დამაზიანებელი იყოს. ბევრი რამ გაფუჭდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს ვერ გამოსწორდება ორ თვეში. პირველ წელიწადს გაუაზრებელი სოციალური ხარჯები, ჭარბი სუბსიდირება და ტარიფების კორექტირება გადაიფარა წინა ხელისუფლების მიერ ბიუჯეტში დატოვებული იმ ნაშთებით, რომლებიც საგარეო ვალის გასტუმრებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას უნდა მოხმარებოდა. ამან 2013 წლის ბოლოს ლარის დევალვაციაში იჩინა თავი. ეროვნულმა ბანკმა დეკემბერ-იანვრის თვეში 470 მილიონი დოლარის ინტერვენციები განახორციელა ლარის "დასაჭერად". ეს იყო ეროვნული ბანკის შეცდომა. არ მიეცა ლარს მოეხდინა კურსის კორექცია ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაბამისად. ეს იყო ახალი მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლით გამოწვეული, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას საბოტაჟში ადანაშაულებდა და გადადგომისაკენ მოუწოდებდა. მაშინ არავითარი საგარეო უარყოფითი ფაქტორი არ ყოფილა, თუმცა ლარის დევალვაცია ვერ იქნა თავიდან აცილებული და აღქმული გამაფრთხილებელ ნიშნად. ყველაფერი კი გამოწვეული იყო შეცვლილი ბიუჯეტისა და დერეგულირების პოლიტიკის ჩანაცვლებით რეგულირებით, შეზღუდვებით, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდით, ახალ-ახალი ფონდებისა და სააგენტოების შექმნით, ე.წ. "წახალისებებით" და ლამაზი ტერმინებით შენიღბული სოციალური პოპულიზმის პოლიტიკით, რომელსაც "ინკლუზიური განვითარება" უწოდეს", - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, მეორე წელსაც იგივე გაგრძელდა, რასაც ბიუჯეტის არათანაბარზომიერი შესრულება და დეკემბრის თვის ბოლო დღეების დიდძალი ხარჯვებიც დაემატა. "იზრდებოდა დეფიციტი საგარეო ფონის საგრძნობლად გაუარესების მიუხედავად. ახლა ორივე ნეგატიური ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს - საშინაოც და საგარეოც. საგარეოში განსაკუთრებით არასასიამოვნოა უცხოეთიდან მოქალაქეთა გადმორიცხვების საკმაო ოდენობით შემცირება, რაც მოსალოდნელია, რომ დიდხანს გაგრძელდება რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო", - აღნიშნა გოცირიძემ.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტიც და მთლიანი შიდა პროდუქტიც ზედმეტად ოპტიმისტურად არის დაგეგმილი და "ეს კვლავ ცუდად იჩენს თავს წლის ბოლოს, როცა ხარჯვაში ტრადიციული ჩამორჩენა დაიწყება, რისი სიმპტომები უკვე აქედანვე ჩანს". "მთავრობა გულუბრყვილოდ აღიქვამს ლარის დევალვაციის პროცესს და სწორად ვერ აფასებს მოსალოდნელ შედეგებს. სამწუხაროდ, ეს აუცილებლად აისახება ბიზნესების დახურვის, ფასების ზრდის, უმუშევრობის მატების სახით. ამას ადასტურებს როგორც თეორია, ასევე საერთაშორისო პრაქტიკა. სამწუხაროა, მაგრამ ეს ასეა. ახლა აუცილებელია ლარის გაუფასურების შეჩერება და იმ შეცდომების სწორად გაანალიზება, რაც იქნა წინა წლებში დაშვებული. მარტივი რეცეპტი ასეთია - ყველა მარეგულირებელი ნორმა და "ინოვაციები" რაც იქნა შემოღებული, უნდა გაუქმდეს. სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად ძნელიო, იტყვიან - სწორია, მაგრამ როცა აკეთებდნენ, მაშინ უნდა ეფიქრათ. საარჩევნო არარეალისტური დაპირებების თუნდაც ნაწილობრივ შესრულებას რა მოსდევს, კარგი გაკვეთილია ყველასთვის, თუ მიხვდებიან, რა თქმა უნდა", - განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე - როდის დასტაბილურდება ლარი იმ ნიშნულზე, რომ არ მივიღოთ ორნიშნა ინფლაცია, გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკი უნდა იყოს მზად სესხებზე რეფინანსირების განაკვეთის მომდევნო მატებისათვის. "ეროვნულმა ბანკმა ფრთხილად, მაგრამ მაინც უნდა განახორციელოს ზომიერი ინტერვენციები განსაკუთრებული რყევების შემთხვევაში. წლის ბოლომდე დაახლოებით, 200-300 მილონი დოლარის ფარგლებში. ნაწილი - თებერვალ-აპრილის, ნაწილი - ნოემბერ-დეკემბრის თვეში. მთავრობამ უნდა შეამციროს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წლიურ 3%-მდე და შეკვეცოს ბიუჯეტის ხარჯები 250-350 მილიონი ლარის ოდენობით. მთავრობა არ უნდა გაებას "ზაფხულის მახეში". სეზონურმა შესაძლო სტაბილიზაციამ არ უნდა შეუქმნას ილუზია და არ უნდა მიეცეს თვითდამშვიდებას. თუ ეს არ გაკეთდა, მერე მომავალ დეკემბერ-იანვარში სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით", - განაცხადა გოცირიძემ.

აშშ დოლართან მიმართებაში, ლარი გაუფასურებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, დღეს 1 დოლარის შეძენა 2.0839 ლარად იქნება შესაძლებელი.