რა კომპანიებში ფლობს წილებს ხვიჩა მაქაცარია, რომელიც „ბილაინის“ 100%-იან წილს ყიდულობს

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია „ბილაინში“ ბრუნდება, თუმცა 20%-ის ნაცვლად, ამჯერად ის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ხდება. „ბილაინის“ გასხვისებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს კომუნიკაციების კომისიამ მხარი დაუჭირა. მაქაცარიამ წილის ნასყიდობის თაობაზე კომისიას 4 აპრილს მიმართა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა მაქაცარია „ვიონში“ „მირენ ინვესტის“ საშუალებით 20%-იან წილს უკვე ფლობდა. თუმცა გასული წლის სექტემბერში მაქაცარია „ბილაინიდან“ გავიდა, მისი 20%-იანი წილი კი „ბილაინის“ 51%-იანი წილის მფლობელმა კომპანიამ „ვოთერთრაილ ინდასტრიზიმ“ შეიძინა. ამ ტრანზაქციის შედეგად „ვოთერთრაილ ინდასტრიზი“ „ვიონი საქართველოს“ 71%-იანი წილის მფლობელი გახდა, დარჩენილ 29%-ის მფლობელი კი „ინვესტიკო ალიანსი” დარჩა.

“ვიონი“ არ არის ერთადერთი კომპანია, სადაც ხვიჩა მაქაცარია წილებს ფლობს. ბიზნესმენი მსხვილი ჰოლდინგური კომპანია CBS ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც ისეთ კომპანიებს აერთიანებს, როგორიცაა “თბილისის მიკროავტობუსი”, “თბილისი ენერჯი”, „თელმიკო“, Caucasus Cable System - ბულგარეთი. “ეროვნული ლატარიის კომპანია”, „ქალაქური“ და სხვა აქტივები.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ხვიჩა მაქაცარია წილებს ფლობს:

  • „ვოლტბეი“ (თბილისი ენერჯის მფლობელი) - 50%-იანი წილი (არის ასევე კომპანიის დირექტორი)
  • ჯორჯიან ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ -65%-იანი წილი
  • მელისა ჯგუფი - 75%-იანი წილი
  • თბილისური - 20%-იანი წილი
  • თბილისი მოლი - 26%-იანი წილი
  • ბლექ სი ჰოტელს გრუპ - 55%-იანი წილი
  • ჯეოტაო - 16%-იანი წილი
  • გეოფიშ გრუპ - 50%-იანი წილი
  • მზიური - 50%-იანი წილი
  • სმარტ ტექ - 50%-იანი წილი
  • აქვამარინი - 50%-იანი წილი
  • სითი დეველოპმენტი - 30%-იანი წილი
  • ჯორჯიან ტექნოლოჯი - 80%-იანი წილი
  • ეიჩ ენდ არ მენეჯმენტი - 40%-იანი წილი

ამასთან, ხვიჩა მაქაცარია არის საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.