სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებისგან კიდევ ოთხ საავადმყოფოს გამოისყიდის

სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან კიდევ ოთხ რაიონულ საავადმყოფოს გამოისყიდის.

შესაბამისი საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გადის. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა, ამჯერად საუბარია ყაზბეგის, წალკის, თეთრიწყაროსა და ბაკურიანის საავადმყოფოებზე.

"ჯანდაცვის სამინისტროდან სხდომაზე დღეს გადის ერთი საკითხი. ეს ეხება კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან ოთხი რაიონული საავადმყოფოს გამოსყიდვას. ეს გახლავთ მეორე და საბოლოო ეტაპი. როგორც იცით, ჯამში 12 რაიონული საავადმყოფო იყო კერძო კომპანიის მართვაში. მათ არ ჰქონდათ ვალდებულება, სრულად შეენარჩუნებინათ სამედიცინო სერვისები, რის გამოც რაიონების მოსახლეობას საფრთხე ექმნებოდა. ასევე არსებობდა მეორე ფაქტორი, კერძოდ, დიდი რაოდენობით დავალიანება საავადმყოფოს პერსონალის მიერ. ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ პირველ ეტაპზე 8 საავადმყოფოს გამოსყიდვა დასრულდა, ახლა მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ამით მიღწეული იქნება ამ რაიონებში სრული მასშტაბის სამედიცინო უზრუნველყოფა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დავალიანებებზე პასუხისმგებლები თავად სადაზღვევო კომპანიები არიან. "გამოსყიდვის თანხის სრულად ჩარიცხვის შემდეგ მათ მიეცემათ საშუალება, გაისტუმრონ დავალიანება. ეს ასეც მოხდა პირველ ეტაპზე", - აღნიშნა სერგეენკომ.