,,სავარაუდოდ, ზეთი ისევ გაძვირდება" - მოსალოდნელია თუ არა პროდუქტის დეფიციტი ქართულ ბაზარზე

საქართველოში მზესუმზირის ზეთი შესაძლოა, ისევ გაძვირდეს. მიზეზი კი 1-ლი ივნისიდან რუსეთში მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადის 372,3-დან 525 დოლარამდე გაძვირება გახდეს.

ქართულ ბაზარზე ზეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „მზიურის“ („ოლეინას“ იმპორტიორი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ პროდუქტის გაძვირება მოსალოდნელია.

"მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია ფასწარმოქმნის მექანიზმი, ერთი რამ ნათელია, გაიაფებას არ უნდა ველოდოთ. სავარაუდოდ, ზეთი ისევ გაძვირდება, მაგრამ როდიდან, რამდენი პროცენტით და რა თანხებში აისახება დახლებზე, ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, როგორც გითხარით, გაძვირების მოლოდინი არსებობს. მინიმუმ, საექსპორტო გადასახადის ზრდის კომპონენტი მოახდენს გავლენას. არ ვიცით ისიც, როგორი იქნება თვითღირებულება", - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ზეთის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის. ბაზრების დივერსიფიცირება კი, მხოლოდ გადაზღვევის გამო შეიძლება მოხდეს.

,,ომში ჩართული ორი ქვეყანა, მსოფლიო წარმოების თითქმის 60%-ს შეადგენს და ამ მოცულობით დივერსიფიცირებაზე საუბარი საკმაოდ რთულია. სხვა მწარმოებელ ქვეყნებში ჩვენს რეგიონში, მაგალითად, თურქეთში, ნედლეული სწორედ რუსეთიდან და უკრაინიდან გადიოდა. ამიტომ, ეს ლოჯისტიკური ჯაჭვიც ამ ეტაპზე დარღვეულია. თუ მაინც და მაინც დივერსიფცირებაზეა საუბარი, ალბათ, შეიძლება იყოს არგენტინა, ან სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, მაგრამ ეს საკითხიც ჯერ არ დგას დღის წესრიგში. ვგულისხმობ, რომ ამ ეტაპზე, წარმოებისა და ლოჯისტიკური ჯაჭვის დღევანდელი ვითარება, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ჩვენ რაოდენობრივი დეფიციტი არ გვექნება.

კითხვის ნიშნის ქვეშ არის ფასი, რომელიც შესაძლოა, გაძვირდეს, მაგრამ ის, რომ ზეთი საერთოდ არ იქნება და თაროებზე აღნიშნული პროდუქცია გაქრება, მსგავს საფრთხეს მე პირადად ვერ ვხედავ. ამიტომ, ალტერნატიული ბაზრის მოძიება უკანა პლანზეა გადაწეული. თანაც, პირიქით, სხვა ბაზრების გაცილებით უფრო ძვირია და თუ მაინც ალტერნატიულ ბაზრებზე უნდა იყოს საუბარი, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ დეფიციტის გადაზღვევის მიზნით და არა ფასების კუთხით, რადგან აღნიშნული ფასები მაინც ოპტიმალურია მეზობელი და რეგიონის ქვეყნებიდან", - განაცხადა რამიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან".

შეგახსენებთ, აპრილში რუსეთიდან საექსპორტო გადასახადი ტონაზე 313 დოლარს შეადგენდა, მარტში 260 დოლარი იყო, თებერვალში - 251 დოლარი, იანვარში - 280,8 დოლარი, 2021 წლის დეკემბერში - 276,7 დოლარი, ნოემბერში - 194,5 დოლარი, ოქტომბერში - 227,2 დოლარი, სექტემბერში - 169,9 დოლარი ტონაზე.

თამარ მუკბანიანი