მთავრობამ ლარი გაწირა?

სპეციალისტების აზრით, კურსი კიდევ უფრო დაეცემა

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მთავრობა და ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების დამუხრუჭებას ვერ ახერხებენ. ეროვნული ვალუტის კატასტროფული ვარდნა გრძელდება და ამ პროცესს ჯერჯერობით ვერაფერი შველის. აბსოლუტურად უშედეგო აღმოჩნდა სებ-ის ჩარევა - ვერც რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ და ვერც დოლარის გაყიდვამ კურსი ვერ დააბალანსა.

უშედეგო ძალისხმევის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ხელი დაიბანა და სიტუაციას ისევ უშფოთველად აკვირდება. ამასობაში კი სამომხმარებლო ბაზარზე ქაოსი იწყება. უკვე ზედიზედ მეორე დღეა, ეროვნული ვალუტა ნახტომისებურად უფასურდება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 19 თებერვლიდან ერთი აშშ დოლარი 2.0839 თეთრი ღირს. კიდევ უფრო მაღალი კურსია ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, სადაც 1 დოლარს უკვე 2,10 ლარად ყიდიან. სავალუტო ჯიხურების მეპატრონეებს დამაიმედებელი ინფორმაცია არ აქვთ.

ოფიციალური ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს იანვარში ექსპორტის 68 მლნ დოლარიანი შემცირება და ფულადი გზავნილების 23-მილიონიანი კლება წარმოადგენს. თუმცა, ლარის კურსის დაბალანსება ვერ ხერხდებოდა 2013 წელსაც, როცა ქვეყანაში ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი იყო და ფულადი გზავნილებიც მატულობდა. შარშან მთავრობამ ბოლო წლების საუკეთესო საინვესტიციო შედეგი აჩვენა, მაგრამ ეროვნულ ვალუტას არაფერი ეშველა. მთავრობაც და ეროვნული ბანკიც აბსოლუტურად უუნარონი არიან. გარდა იმისა, რომ ლარის გაუფასურების პროცესს რეალურად ვერაფერს უპირისპირებენ, არც საზოგადოების ინფორმირებას ცდილობენ.

ექსპერტები სავალუტო კურსის დაბალანსებას მთავრობის პრეროგატივად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მან წონასწორობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გააკეთოს. გია ხუხაშვილი მოსალოდნელ ინფლაციაზე საუბრობს და დასძენს, რომ ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ლოგიკური შედეგი სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდაა.

"ეროვნულმა ბანკმა თავისი შესაძლებლობა ამოწურა. ვერც ერთი მის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რაც უნდა მოიმოქმედოს, შედეგს ვერ მოიტანს. კურსის სტაბილურობის მექანიზმი უფრო მთავრობის მიმართულებით უნდა ვეძებოთ. სებ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენცია დროებითი ზომაა. დისბალანსი ხანგრძლივად თუ შენარჩუნდა, პრობლემას არ ეშველება", - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

მისი შეფასებით, მთავრობამ უნდა იმუშაოს საბიუჯეტო დისციპლინის მიმართულებით და ინვესტიციების შემოდინებაზე იზრუნოს. "როგორმე უნდა მოხერხდეს ლარის კურსის წონასწორობის აღდგენა და ამისთვის ყველა საშუალების გამოყენება აუცილებელია. მართალია, ჯერ არ არის ისეთი დინამიკა, რომ პანიკა გამოიწვიოს, მაგრამ ინფლაციურ პროცესებს ვეღარ გავექცევით. ეს თავისით მოხდება, რადგან საქართველო მომხმარებელი ქვეყანაა და დიდწილად იმპორტზე დამოკიდებულია. ცხადია, დოლარის კურსის აწევა იმპორტირებული პროდუქტის გაძვირებას აუცილებლად გამოიწვევს. დოლარის კურსი 2 ლარის ნიშნულს საკმაოდ გასცდა და ამაში ეკონომიკური ლოგიკა უკვე აღარ არსებობს. ეროვნული ვალუტის დღევანდელი ნიშნული ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს რეალურად ასახავს", - დასძენს ხუხაშვილი.

ნეგატიური მოლოდინი აქვს ეკონომიკის სფეროს ექსპერტ ლევან კალანდაძესაც, რომელიც პრობლემის მოკლე პერიოდში მოგვარებას გამორიცხავს.

"არც ერთი ფაქტორი არ იკვეთება ისეთი, რომელმაც კურსის სტაბილურობა უნდა განსაზღვროს. ის, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, პრობლემის მოგვარების პირობა არ არის, უბრალოდ, მისი ლოკალიზება შეიძლება მოახდინოს მხოლოდ მოკლე დროში. პარალელურად უნდა ამოქმედდეს ის დამაბალანსებელი ფაქტორები, რაც კურსის სტაბილურობას ხელს შეუწყობს და ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია. კოორდინირებული მუშაობა თუ არ დაიწყო, პრობლემა ყოველთვის იქნება. პროგნოზზე თუ მეკითხებით, პირადად მე არ მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში ლარი გამყარდება", - აცხადებს კალანდაძე.

საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ ლარის კურსის თანდათანობით ვარდნა სამომხმარებლო ფასებს გაზრდის. ცვლილება განსაკუთრებით იმპორტირებულ პროდუქტს დაეტყობა.

"ბოლო 10-11 წლის განმავლობაში ლარის გაუფასურებას ადგილი არ ჰქონია. ძალიან ცუდი პროცესის მომსწრე გავხდით. ვფიქრობ, კურსი გარკვეულ ეტაპამდე მივა და ვარდნა შეჩერდება, ეს პროცესი გაზაფხულამდე გაგრძელდება. შეიძლება, ნახტომისებური ზრდა არ მოხდეს. ლარის ნელი გაუფასურება ეკონომიკურ სუბიექტებს მაინც მისცემს საშუალებას, შეეგუონ გარემოებას, რომ კურსი არ არის მყარი და ადაპტირება მოახდინონ. უკვე გაზაფხულზე ეკონომიკური აქტივობა მოიმატებს, რაღაც წერტილზე გაჩერდება კურსი და დაბალანსდება. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ისეთ ნიშნებს, რაც ვარდნას შეაჩერებს. ეს რომ მოხდეს, რაღაც გარდატეხას უნდა ველოდოთ ინვესტიციებში, საექსპორტო მაჩვენებლების გაზრდასა და ადგილობრივი ბიზნესის გაფართოებას, რისი ნიშნებიც არ იკვეთება. ამდენად, ძნელია თქმა, რომ კურსი დაბალანსდება, გარკვეულწილად, მოსალოდნელია ფასების ზრდაც. ეს, პირველ რიგში, პივრელადი დანიშნულების საქონელს ეხება", - განმარტავს ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ ლარის დევალვაციის პროცესი ნოემბრიდან დაიწყო და დღემდე უწყვეტად გრძელდება. ამ პროცესში ეროვნული ბანკი მხოლოდ ერთხელ ჩაერია. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილების შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 30 იანვარს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომა 11 თებერვალს გაიმართა, მომდევნო კი 25 მარტს გაიმართება.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"