ტოკიო მრეწველობის დეკარბონიზაციისთვის 15,4-მილიარდიან ფონდს შექმნის

იაპონიის ხელისუფლება აპირებს შექმნას 2 ტრლნ იენის (15,4 მლრდ დოლარის) მოცულობის ფონდი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მრეწველობის დეკარბონიზაციას, ანუ სამრეწველო ობიექტების მხრიდან ატმოსფეროში ემისიების სრულ შეწყვეტას 2050 წლისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია იაპონიის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ეროვნულმა მაუწყებელმა გაავრცელა.

მისი გათვლებით, კომპანიებს, რომლებიც დაკავებული არიან ფოლადის, ქიმიური პროდუქციის, ცემენტის, ქაღალდის და სხვა ძირითადი მასალების წარმოებით, დასჭირდებათ 24 ტრლნ იენი (თითქმის 185 მლრდ დოლარი) ემისიების აბსოლუტურად განულებისთვის 2050 წლამდე, რომელიც გათვალისწინებულია ქვეყნის სტრატეგიულ გეგმაში. ეს სახსრები საჭიროა აუცილებელი კვლევების ჩასატარებლად და წარმოების საფუძვლიანი გადაიარაღებისთვის.

შეგახსენებთ, იაპონიის ხელისუფლების გეგმით, 2030 წლისთვის ემისიები უნდა შემცირდეს 46%-ით 2013 წელთან შედარებით, ხოლო 2050 წლისთვის ის სრულად უნდა განულდეს.

კოკა კვირკველია