საქართველოში "როსნეფტის" და Petrocas Energy Group-ის ერთობლივი საწარმო იმუშავებს

Petrocas Energy Group-მა და "როსნეფტმა" ლონდონში, IP Week-ის ფორუმის ფარგლებში, ერთობლივი პრეზენტაცია, სახელწოდებით - "მომავლის დერეფანი" გამართეს.

ამის შესახებ ნათქვამია Petrocas Energy Group-ის და "როსნეფტის" ერთობლივ პრესრელიზში. მათივე ინფორმაციით, IP Week-ის ფორუმი ტრადიციულად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სფეროში მომუშავე კომპანიებისათვის. ფორუმში მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორის 200-მდე მსხვილმა წარმომადგენელმა.

ღონისძიება მიეძღვნა გასული წლის ბოლოს Petrocas Energy Group-ისა და "როსნეფტის" მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნას. გარდა ამისა, გაიმართა მოლაპარაკებები დამატებითი ტვირთებისა და ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს სატრანზიტო კორიდორში, კერძოდ, ნავთობპროდუქტების ტრანზიტის მოცულობების კიდევ უფრო გასაზრდელად ქვეყნის ტერიტორიის გავლით.

"როსნეფტმა" და Petrocas Energy Group-მა შეხვერდის ფარგლებში წარმოადგინეს თავიანთი ხედვა საერთაშორისო პარტნიორებთან იმ ახალი შესაძლებლობებების შესახებ, რასაც ახლად შექმნილი ერთობლივი საწარმო ქმნის. ერთობლივი საწარმო თავის ოპერაციებს განახორციელებს ტრეიდინგის, ლოგისტიკის და ნავთობპროდუქტების საცალო ვაჭრობის მიმართულებით კასპიის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში, რამაც უნდა გაზარდოს ბიზნესაქტივობა ისტორიული "აბრეშუმის გზის" კორიდორში და ბიძგი მისცეს მეტი ინვესტიციების მოზიდვას რეგიონის ქვეყნებში და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

Petrocas Energy Group-ის სამეთავლყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დავით იაკობაშვილის განცხადებით, ამაყობენ იმით, რომ ქმნიან რეგიონის განვითარების ახალ, მნიშვნელოვან ეპოქას, რაც ხაზს უსვამს ერთობლივი საწარმოს მნიშვნელობას.  "ჩვენ გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა შესძენს ახალ დინამიკას და შესაძლებლობებს ამ ისტრიული დერეფნისათვის და ჩვენი წარმატებებისათვის", - განაცხადა იაკობაშვილმა.

"როსნეფტის" ვიცე-პრეზიდენტმა, დიდიე კაზიმირომ განაცხადა, რომ რეგიონის განვითარების ისტორიაში ახალი თავი გადაშალეს. "ვამაყობთ იმით, რომ ამ ისტორიულ პროცესში ვმონაწილეობთ, რასაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებული ენეგროდერეფნის განვითარება ჰქვია. ჩვენი ახალი, გამოცდილი პარტნიორის მეშვეობით, ვაფართოვებთ ჩვენი სამოღვაწეო არეალის თვალსაწიერს, რამაც დიდი საგრებელი უნდა მოუტანოს ახალი ერთობლივი საწარმოს პარტნიორებს და ფართო საზოგადოებას", - განაცხადა დიდიე კაზიმირომ.

Petrocas Energy Group-ის პრეზიდენტის, ვანო ნაკაიძის განცხადებით, ერთობლივი საწარმოს შექმნა არის უნიკალური მოვლენა საქართველოსათვის და მთელი რეგიონისათვის. "აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საწარმოს შესაძლებლობები და პოტენციალი საშუალებას მოგვცემს, 30 პროცენტამდე გავზარდოთ საქართველოზე გამავალი ტვირთების რაოდენობა, რაც ბიუჯეტისათვის და ქართული რკინისგზისათვის მეტ შემოსავლებს ნიშნავს", -განაცხადა ვანო ნაკაიძემ.